Mazda-მ ახალი სპორტული ავტომობილის კონსტრუქციული ელემენტები დააპატენტა, რაც ბრენდის მომავალ მოდელზე მიანიშნებს. საპატენტო დოკუმენტების მიხედვით, ავტომობილი მიიღებს უკანა წამყვან სისტემას, გრძივად განთავსებულ ოთხცილინდრიან ძრავს და „პეპლის ფრთების“ (Butterfly Doors) ტიპის კარებს.
გამოქვეყნებულ ილუსტრაციებზე ავტომობილის სრული დიზაინი არ ჩანს, თუმცა დეტალურადაა წარმოდგენილი ძარის გამაგრების სისტემა წინა საყრდენების ზონაში. Mazda-ს ინჟინრები გეგმავენ წინა საყრდენების მაქსიმალურად დაახლოებას საკიდარის ელემენტებთან, რაც ავტომობილის სიმყარესა და მართვადობას გააუმჯობესებს.

საპატენტო აღწერაში ასევე ნახსენებია სპეციალური გასამაგრებელი ელემენტები, რომლებიც დატვირთვას საკიდარსა და ძარის კონსტრუქციას შორის გადაანაწილებს, ასევე მსუბუქი მეტალის წინა გამჭიმი, რომელიც შასის წინა ნაწილს ძრავის ტიხართან დააკავშირებს დამატებითი წონის გარეშე.
ავტომობილის ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ სახელდება, თუმცა ავტოინდუსტრიაში ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ახალი თაობის Mazda MX-5 ან 2023 წელს წარმოდგენილი Iconic SP კონცეპტის სერიული ვერსია, რომელიც ლეგენდარული RX-7-ის სულიერ მემკვიდრედ მიიჩნევა.