LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი: „სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობა კომუნისტური მოდაა!..“

51

Ardaidardo.Ge

მომღერალი მერაბ სეფაშვილი ახალ ალბომზე მუშაობს, რომელსაც „ბრავო რეკორდსში“ წერს.ქართული ესტრადის ვარსკვლავის ახალი კრებულის პრეზენტაცია გაზაფხულზეა იგეგმება. საკუთარი გეგმების შესახებ შემსრულებელმა „არ დაიდარდოს“ უამბო.


მერაბ, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

მუსიკოსი ახლისკენ უნდა იყოს მომართული და მეც ასე ვარ. ახალ ალბომზე ვმუშაობ, რომელშიც ძველი სიმღერები შევა, ჩემებური ინტერპრეტაციით. ამის გარდა, ხშირად მიწევს საზღვარგარეთ გამგზავრება, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის ვმართავ კონცერტებს.


ამჯერად სად აპირებთ გამგზავრებას?

ახლა დაგეგმილი მაქვს ისრაელსა და საბერძნეთში გამგზავრება. იქ მცხოვრებ ემიგრანტებთან სტუმრობა ხშირად მიწევს. დღეს დამირეკეს ამერიკიდან, ათი წელია იქ არ ვყოფილვარ, რადგან ფრენის მეშინია, მაგრამ ემიგრანტებთან შეხვედრა ისეთი ბედნიერებაა ჩემთვის, შევეცდები, ამჯერად ხანგრძლივი ფრენის შიში დავძლიო და ნიუ იორკში ჩავატარო კონცერტი. ვერ წარმოიდგენთ, ემიგრანტებს როგორ უხარიათ ქართველ მომღერლებთან შეხვედრა, ის 2-3 საათი, როცა მათთვის მღერი, სახლში გრძნობენ თავს. ეს ხალხი დალხენილი ცხოვრების გამო არ წასულა საკუთარი სამშობლოდან, ამიტომ ჩემი ვალდებულებაც არის, ჩავიდე მათთან და მოვეფერო.


რატომ არ მღერით სამთავრობო კონცერტებზე?

მე თვითონაც არ მაქვს სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობის სურვილი. ეს კომუნისტური მოდაა, რომელსაც არანაირი ფინანსური მოგება არ მოაქვს მომღერლისთვის. მე კი შოუ-ბიზნესის
წარმომადგენელი ვარ.


თავად ამბობთ უარს სამთავრობო კონცერტებზე?

არც არავინ მპატიჟებს ასეთ კონცერტებზე, ალბათ, რაღაცასთან ვასოცირდები და იმიტომ.


თქვენი აზრით, რა განაპირობებს იმას, რომ დღეს ქართულ შოუ-ბიზნესში აქტიური სიახლეები არ არის?

სულ სხვა საკითხებია ქვეყანაში პრიორიტეტული და იმიტომ. ხალხს გართობისთვის არც დრო აქვს და არც ფული. პოლიტიკა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ყველაზე მეტად სწორედ ჩვენს სფეროზე აისახება. ტელევიზიაში სულ ჩხუბს აჩვენებენ, ყველას გვინდა, საქართველო განვითარდეს და წარმატების გზაზე დადგეს, მაგრამ ერთი და იგივე გრძელდება დაუმთავრებლად, კულტურა კი უყურადღებოდ რჩება. უკვე აღარ ვარ პატარა ასაკში და მინდა, ბევრი რაღაც მოვასწრო, ღირებული შევქმნა.


რატომ არ წახვედით კარიერის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ?

ყოველთვის მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ უარს ვამბობდი. მე საქართველოში მიყვარს ცხოვრება, ჩემს მეგობრებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები