LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes R-Class – რატომ არ გამოვიდა?

173
Capture2

ბნელი ძალები? ცუდი თვალით შეხედეს? კონცერნი DaimlerCHrysler-ის წარუმატებლობათა სერია ნამდვილად იწვევს ასეთ ფიქრებს. ჩავარდნილი Maybach, ძალიან უიღბლო Smart – და ყველასთვის გაუგებარი Mercedes R-კლასი. მერსედესის მენეჯერების პრეზენტაციებში ავტომობილი ბესტსელერად და ახალი სეგმენტის დამაარსებლად ხასიათდებოდა. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგა გაყიდვები დაგეგმილზე ბევრად დაბალი იყო და R-კლასი ისე გაქრა რომ შთამომავალიც არ დაუტოვებია.

რას წარმოადგენდა?

წარმოიდგინეთ: 2000 წლების შუა პერიოდი, კონცერნი Daimler Chrysler კრიზისშია – ახალი პროექტები არ გამოდის, Mitsubishi-თან ალიანსის შექმნა არ გამოვიდა, Mercedes-ის ხელმძღვანელობა პოსტს ტოვებს. სწორედ ასეთ ატმოსფეროში იქმნებოდა Mercedes R-Class, რომლის დებიუტიც ნიუ-იორკის ავტოსალონზე 2005 წლის გაზაფხულზე შედგა.
ავტომობილი ისეთივე უცნაური გამოვიდა, როგორი უცნაური დროც იდგა. R-Class გრძელი სახურავის ქვეშ მინივენის სივრცე, კროსოვერის კომფორტი, მსუბუქი ავტომობილის მართვის სიმარტივე და სედანის ფუფუნება უნდა გაეერთიანებინა. მოკლედ ყველა მხრივ ნიჭიერი უნდა ყოფილიყო.. რატომ არ უნდა გამოვიდეს? „წელიწადში 50 ათას მყიდველს ნამდვილად ვიპოვით“ – ფიქრობდნენ მაშინ კომპანიაში.



რით არის გამორჩეული?

უნივერსალურია. კლიენტები მას ყიდვის ეტაპზევე გრძნობდნენ – ბენზინის და დიზელის ძრავების მოდიფიკაცია გასაოცარი იყო. ეკონომიურ ევროპელებს 3 ლიტრის V6 ტურბო ძრავა უფრო მოსწონდათ, ხოლო ნაკლებად ეკონომიურ ამერიკელებს – ატმოსფერული „რვიანი“, 510-მდე ცხენის ძალით. ამასთან, სალონის კონფიგურაცია ხუთ, ექვს ან 7 ადგილიან სივრცეს მოიაზრებდა.


მეორე რიგი მფლობელს ნამდვილად მეფურ კომფორტს სთავაზობდა, განსაკუთრებით ორი განცალკევებული სავარძლით. კომფორტს ზრდიდა სავარძლების გათბობა, კლიმატ კონტროლის მართვის ბლოკი და გასართობი სისტემა 2 მონიტორით. თუკი სამიზნე აუდიტორია დიზაინერულ მაცივარს Smeg-ს მოითხოვდა, R-კლასის საბარგული ამ კაპრიზსაც აიტანდა.



როგორ გამოიყურებოდა?

2002 წლის კონცეპტ-ქარი Mercedes Vision GST უნივერსალის პროფილით იყო წარმოდგენილი. წლების შემდეგ ვიზუალი ნაკლებად რადიკალური გახდა და მყიდველს მისი გამრავალფეროვნება AMG-პაკეტით – შედარებით სპორტული ბამპერით და 20-21 დუიმიანი საბურავებით შეეძლო, რაც დიზაინს ორგანულად ერწყმოდა.


შედარებით სასიამოვნო გარეგნობის იყო განახლებული R-კლასი, რომელიც ნიუ-იორკის 2010 წლის მოტორ შოუზე აჩვენეს. ძველ სტილს თითქოს მეტი სიმკაცრე შემატეს, გაიზარდა რადიატორის ბადე, ბამპერი, ყველაფერს მეტი ხაზი დაემატა და ვიზუალი უფრო დინამიკური გახადა.


რა ღირდა?

R-კლასის ერთ-ერთი პრობლემა მისი ფასი იყო. გარდა იმისა, რომ ბევრს არ ესმოდა თუ რა ავტომობილი იყო ეს და ვისთვის იყო განკუთვნილი, ფასიც ისეთი ჰქონდა როგორც სრულფასოვან კროსოვერს ან რომელიმე მდიდრული ბრენდის ყველგანმავალს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი ღირებულება ორ მოდელს ML-ს და GL-ს შორის იყო.
2011 წელს აშშ-ს ბაზარზე R-კლასმა მხოლოდ 2385 მყიდველი იპოვა, მაშინ როცა ML-ის რეალიზების მაჩვენებელი 36 835-ს აღწევდა. შედარებით ძვირადღირებულმა GL-მაც კი ის წელი 25 139 გაყიდული მანქანით დაასრულა.



რატომ არ გამოვიდა?

R-კლასს თავიდანვე რაღაც არ გამოსდიოდა. მოდელი წვალებით დაიბადა და Mercedes-ის მაშინდელ ხელმძღვანელს ეკჰარდ კორდესს რაღაც მომენტში პროექტის გაჩერებაც სურდა, თუმცა პროცესი უკვე დაწყებული იყო და დასასრულისკენ მიემართებოდა. ალაბამაში მდებარე ქარხანას წელიწადში 50 ათასი ავტომობილი უნდა გამოეშვა, თუმცა ყველაზე წარმატებულ 2006 წელსაც კი შტატებსა და ევროპაში ერთად – მხოლოდ 30 ათასი ეგზემპლარის გაყიდვა მოხერხდა.
R-კლასი ცდილობდა ერთდროულად ყველაფერი ყოფილიყო, რაც ზედმეტად რთული დავალება აღმოჩნდა. ტრადიციული მინივენები ბევრად უფრო მოცულობითი და ხელმისაწვდომი იყო, მსუბუქი უნივერსალები ბევრად მარტივად იმართებოდა, კროსოვერები და ყველგანმვალები უგზოობაში თავს ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობდნენ, სედანების წარმომადგენლები კი R-ს სტატუსით ჯობნიდნენ. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ R-Class-მა დროს გაუსწრო და ახლა რომ გამოსულიყო, წარმატება ელოდა. იგივე GLE და GLS მას მარტივად „გადაყლაპავდნენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები