LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტეორიზმი

109
მეტეორიზმი

მეტეორიზმი ნაწლავებში აირების დაგროვებაა. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს შებერილობა და მუცლის მოვლითი ტკივილი. აირებით სავსე ნაწლავი ქმნის გადავსებული კუჭის შეგრძნებას, იწვევს ჭვალს. მეტეორიზმი ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად ის მაინც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე დაავადების გამოხატულებაა. ნაწლავებში აირები შეიძლება დაგროვდეს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა: ქრონიკული პანკრეატიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დისბაქტერიოზი, ლაქტოზის აუტანლობა, ნაწლავის გაუვალობა.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების დაგროვებას ხელს უწყობს გაზიანი სასმელების ჭარბი მიღება. ჩვეულებრივ, ასეთი შებერილობა ადვილად გაივლის, რადგან ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში აირები სწრაფად შეიწოვება ნაწლავის კედელში ან გამოიყოფა ფიზიოლოგიური გზით. ჰაერის დიდი ულუფა კუჭში შეიძლება მოხვდეს ჭამის დროსაც, ამიტომ ნუ იჩქარებთ, მშვიდად მიირთვით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი საკვები კუჭ-ნაწლავში დუღილს და აირების წარმოქმნას იწვევს. არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად ზომიერად უნდა მივირთვათ ტკბილეული და ცომეული, შავი პური, პარკოსნები, კარტოფილი და სხვა პროდუქტი.

მუცლის შებერილობას ხანმოკლე ტკივილი ახასიათებს. უსიამოვნო შეგრძნება აირების ნაწლავებში გავლისას წარმოიშობა. ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს მუცლის ღრუს ნებისმიერ წერტილში და ნაწლავებში გადაადგილების მიხედვით იცვალოს ადგილმდებარეობა. მკურნალობის წესი ასეთია: ერთი დღით მაინც დავასვენოთ ნაწლავები და მივიღოთ მხოლოდ მოხარშული ბრინჯი და მცენარეული ჩაი. რაციონიდან ამოვიღოთ ცომეული, ტკბილეული, რძე, ახალი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები – ბარდა, ლობიო. რძის ნაცვლად უმჯობესია მივირთვათ რძემჟავა პროდუქტები (ყველი, მაწონი, იოგურტი). ვსვათ პიტნის, გვირილას ან კრაზანას ჩაი. ხორცის პროდუქტებიდან ამ კუთხით ყველაზე უვნებელია ქათმის, ინდაურისა და ხბოს ხორცი, ბურღულეულიდან – ბრინჯი. ასევე დაგვეხმარება ფიზიკური ვარჯიშები, ცურვა, სპორტული სიარული და სირბილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები