LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრების წამება: რა ხდება მთავარ საავტომობილო გზაზე!

25

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის დროს გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ასეთი პრობლემის წინაშე არაერთი მძღოლი აღმოჩნდა. ადიდებული მდინარისა და სამშენებლო სამუშაოების გამო, ცენტრალური მაგისტრალი დაიკეტა, მძღოლებს კი ქუთაისამდე ჩასასვლელად თერჯოლიდან შემოვლითი გზით სარგებლობა უწევდათ. გზის აღნიშნული მონაკვეთი იმდენად დაზიანებული იყო, რომ მძღოლები თავბედს იწყევლიდნენ.

ძლიერი წვიმის დროს აღმოსავლეთიდან დასავლეთში ჩასასვლელად მოქალაქეებს გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ, მზიან დღეს. თუ ამ ყველაფერს გზის გარკვეული მონაკვეთის მშენებლობა ან შეკეთება ემატება, მაშინ მინზავრებს გზაში ყოფნა თითქმის ნახევარი დღე უწევთ.

ასეთი პრობლემის წინაშე არიან რიგითი მოქალაქეები უკვე მერამდენე დღეა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე გადაადგილებას, ადიდებულ მდინარეებთან ერთად, სამშენებლო სამუშაოებიც აფერხებდა. ქვეყნის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა თერჯოლის გადასახვევთან წყდებოდა და მძღოლებს გარკვეული მანძილი შემოვლითი გზით უნდა გაევლოთ.

“ავტომაგისტრალზე გზის პატარა მონაკვეთს აკეთებდნენ. ამიტომ მოგვიწია, რომ თერჯოლის გადასახვევიდან შემოვლითი გზით გვევლო და რამდენიმე კილომეტრის შემდეგ ისევ მაგისტრალზე გავსულიყავით. გზა საშინლად დაზიანებული იყო, მსუბუქ ავტომანქანებს გავლა უჭირდათ. დაზიანებულ გზას კოკისპირული წვიმაც ემატებოდა, რაც გადაადგილებას უფრო მეტად ართულებდა. იყო მეორე გზაც, ქუთასი-ბაღდათის შემოვლითი გზა, მაგრამ არავის არ მიუნიშნებია ჩვენთვის, რომ ამ გზით გვესარგებლა. არც რაიმე აღმნიშვნელი ნიშანი იყო, რომ მძღოლებს არჩევანის უფლება გვქონოდა. ასე რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ბაღდათის გზას ავირჩევდი, რომელიც შედარებით მოწესრიგებულია და რაიონში ჩასვლას მთელ დღეს არ მოვანდომებდი”, – უთხრა “ბიზნეს-რეზონანსს” ზვიად გვარამაძემ.

ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნნენ სხვა მძღოლებიც. ჩვენთან საუბრისას ყველა ამბობს, რომ საქართველოში გზის მშენებლობა ქაოსურად ხდება და არავინ ზრუნავს, რომ შემოვლითი გზა გარკვეულ, მინიმალურ სტანდარტს მაინც აკმაყოფილებდეს. ამბობენ, რომ ამით ქვეყნის იმიჯსაც და ეკონომიკასაც გარკვეული ზარალი ადგება, რადგან საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ამ მაგისტრალზე არა მარტო საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებიან, არამედ უცხოელები და რაც მთავარია, სატრანზიტო გადაზიდვა ხორციელდება.

“შაბათ-კვირას ავტომაგისტრალზე დღის განმავლობაში თითქმის არც ერთი დიდი სატვირთო არ მოძრაობდა, რადგან ამის საშუალება არ იყო. ისინი გაჩერებულები იყვნენ და გზის გაგრძელების საშუალება მხოლოდ ღამის საათებში ჰქონდათ. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეკონომიკურ ზარალს აყენებს ქვეყანას.

არ შეიძლება, სატრანზიტო ქვეყანა იყო და გადაადგილებასთან დაკავშირებით მუდმივად პრობლემა გქონდეს. კარგი იქნება, თუკი ხელისუფლება ამაზე იზრუნებს და ვიდრე გზის ერთ მონაკვეთს ჩაკეტავს, მეორე მონაკვეთი მოაწესრიგოს”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას მოქალაქე დავით გოგბერაშვილმა.

საქართველოში გადაადგილების პრობლემაზე საუბრობს ევროკავშირის “ტრასეკას” პროექტის რეგიონული კონსულტანტი გელა კვაშილავაც. მისი თქმით, როდესაც გზის გარკვეულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს, შემოვლითი გზა ელემენტარულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. მუდმივად უნდა ხდებოდეს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაც თუ როდის დაიწყება მშენებლობა და როდის დამთავრდება.

“მშენებლობის დროს, რა თქმა უნდა, მოძრაობა იზღუდება, მაგრამ ასეთი შემთხვევაში აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირებულობა. ხალხმა უნდა იცოდეს თუ რომელი გზით შეუძლია გადაადგილება, ანუ უფრო აქტიური კომუნიკაციაა საჭირო, რაც საქართველოში არ ხდება. მხოლოდ ერთი განცხადება მოსახლეობის საქმის კურსში ჩაყენებისთვის საკმარისი არ არის.

ახალი გზა შენდება იმისათვის, რომ გადაადგილება გამარტივდეს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მისი მშენებლობისას მუდმივად პრობლემებია. რასკვირველია, ასეთი ქაოსი ეკონომიკასაც აზარალებს და ქვეყნის იმიჯზეც უარყოფითად მოქმედებს”, – აღნიშნა კვაშილავამ.

პრობლემას მშენებლობის სტანდარტებიც ქმნის. საქართველოში მშენებლობის სტანდარტების დაცვა, გზებზე იქნება ეს თუ სხვა ობიექტებზე, რეგლამენტირებული არ არის.

“ამ კუთხით კანონმდებლობა ძალიან დასახვეწია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიწყოს მშენებლობა და ქვეითად მოსიარულეთა მონაკვეთი გადაკეტოს. ეს არის საგზაო უსაფრთხოების აუდიტი და ის საქართველოში აუცილებლად უნდა დაინერგოს, მით უფრო, რომ ვართ სატრანზიტო ქვეყანა და ეს ჩვენ გვჭირდებ”, – დასძინა კვაშილავამ.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა გუშინაც ჩაიკეტა. როგორც გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მდინარე ჩხარას ადიდების გამო, საავტომობილო გზის 206-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაერთო.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების გამო, უსაფრთხო გადადგილების მიზნით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

წყარო: რეზონანსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები