LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (23–29 დეკემბრის) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

160
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ისევ უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენა მართებს ზოდიაქოს ყველა ნიშანს, რადგან მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა, გართულდება ადამიანებთან საერთო ენის მოძიება და იდეების, გეგმების განხორციელება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები.

ვერძი – ურთიერთგამომრიცხავი სურვილების კვირაა, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ პრიორიტეტების განსაზღვრა და საბოლოო არჩევანის გაკეთება. იგრძნობთ დაღლილობას და დაძაბულობას, რაც გაღიზიანების მიზეზი გახდება. არ ღირს აგრესიის, მით უფრო დიქტატორული თვისებების გამოვლენა ძალაუფლების და სხვებზე გავლენის მოსაპოვებლად, რადგან მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ და საპასუხო აგრესიას მიიღებთ, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს თქვენს პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას.

კურო – ფინანსური კრიზისის კვირაა, ამიტომ მოერიდეთ ინვესტიციებს, კაპიტალდაბანდებას და მსხვილ საყიდლებს. ეცადეთ გარშემომყოფებთან მეტი ტაქტი და თავშეკავება, ახლობლებთან კი, მეტი ყურადღება, მზრუნველობა გამოიჩინოთ და შეასრულოთ გაცემული დაპირებები. მეტი სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისა და მოგზაურობისას, რადგან მაღალია მოულოდნელი პრობლემების წარმოქმნის ალბათობა.

ტყუპები – კონფლიქტური კვირაა, რადგან ბევრი ეცდება გაკრიტიკებას, რაც თქვენს უკმაყოფილებას და გაღიზიანებას გამოიწვევს. გარშემომყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ მეტი თავმდაბლობა, არ ღირს ტრაბახი, ამპარტავნობა და ზედმეტი ამბიციების გამოვლენა, რადგან მხოლოდ ნეგატიურ რეაქციას მიიღებთ საპასუხოდ. თავი შეიკავეთ კოლექტიურ პროექტებში კაპიტალის დაბანდებისგან, რადგან მაღალია პარტნიორების მხრიდან თაღლითობის და მოტყუების ალბათობა.

კირჩხიბი – შეცდომების კვირაა, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. მკაცრად აკონტროლეთ ფინანსები, რადგან მაღალია გაუთვალისწინებელი ხარჯის და მსხვილი ფინანსური ზარალის ალბათობა. პრობლემების მიუხედავად, არ ღირს გაბრაზება და გაღიზიანება, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისა და სამომავლოდ გეგმების დასახვისთვის.

ლომი – კონფლიქტების კვირაა, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან საერთო ენის გამონახვა. უსიამოვნებების მიუხედავად, მაინც არ ღირს გარშემომყოფებზე გაბრაზება, რადგან საკუთარ პრობლემებში სხვების დადანაშაულებით სასიკეთოს ვერაფერს მიიღებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა.

ქალწული – კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან უთანხმოების კვირაა, რისი მიზეზი პირველ რიგში ინტერესთა კონფლიქტი გახდება. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით შვილებთან ურთიერთობისას, რათა არ დააღალატოთ და არ გაუცრუოთ იმედი.

სასწორი – პრობლემების კვირაა, რადგან ახალ სირთულეებთან ერთად ძველი უსიამოვნებებიც შეგახსენებენ თავს, რომელთა მოგვარება გადადების გარეშე მოგიწევთ. არაა გამორიცხული ყოფითმა პრობლემებმა ან დაზიანებულმა საყოფაცხოვრებო ტექნიკამ გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა გაიძულოთ. მოერიდეთ კონფლიქტს ახლობლებთან, უმჯობესია დათმოთ, ვიდრე ფუჭად დაკარგოთ დრო ურთიერთობის გარჩევაში.

მორიელი – კოლეგებთან მცირე კონფლიქტების მიუხედავად, საერთო ჯამში მაინც სტაბილური კვირაა, თუმცა არ ღირს გარშემომყოფების ნდობა, უმჯობესია გადაამოწმოთ ყველა ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა. არ ღირს ინტუიციის იმედზე ყოფნა, გულდასმით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რათა არ დაუშვათ ფინანსური შეცდომები.

მშვილდოსანი – ნაკლებად შედეგიანი კვირაა, რისი მიზეზი თქვენივე გულგრილობა და ინდიფერენტულობა გახდება. გაგიჭირდებათ შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. კარგი პერიოდია ახალი პარტნიორების მოძიებისა და ახალი საქმიანი კავშირების გაბმისთვის, თუმცა საჭიროა გააქტიურება, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილების მიღება.

თხის რქა – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, თვითრწმენა და გადაწყვეტილებების მტკიცედ, საკუთარ თავში დაეჭვების გარეშე მიღების უნარი. მართალია, საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ბევრად მარტივად შეძლებთ მათ დაძლევას. კარგი პერიოდია ცვლილებების განხორციელებისთვის – გარეგნობის ან ცხოვრებს წესის შეცვლისთვის.

მერწყული – წლის მანძილზე ერთ–ერთი ურთულესი კვირაა, რადგან ფიზიკური გადაღლა ემოციურ მდგომარეობაზეც ნეგატიურად აისახება, გაღიზიანება და გაბრაზება კი არ მოგცემთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის საშუალებას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან კონკურენტები მაქსიმალურად ეცდებიან ისარგებლონ თქვენი სისუსტით და შეგიქმნან პრობლემები. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საიდუმლოს გათქმა, რადგან ზუსტად ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

თევზები – შემოქმედებითი კვირაა. მართალია, საერთო ნეგატიური ფონი თქვენს განწყობაზეც ნეგატიურად აისახება, მაგრამ სასიამოვნო სიახლეებისა და საინტერესო პროექტების წყალობით სწრაფად შეძლებთ უგუნებობის დაძლევას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, თუმცა არ ღირს ზედმეტად მოდუნება და საქმეზე უარის თქმა, რადგან ასე მხოლოდ პოზიტიურ შესაძლებლობებს გაუშვებთ ხელიდან.

გეომაგნიტური დღეები – 23, 24 და 27 დეკემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები