LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (9-15 ივნისის) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

173
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ისევ უარყოფით ენერგოველშია. განსაკუთრებით რთული იქნება შემდეგი 2 კვირა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რომელიც საგრძნობლად გაუარესდება დასუსტებული იმუნიტეტის და ენერგოტონუსის ფონზე. მოერიდეთ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს, რომელთა ალბათობა ერთი-ორად მოიმატებს. ეცადეთ ფრთხილად და წინდახედულად გაიაროთ რთული პერიოდი. 

9 ივნისს გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტის – მერკურის 26 ივნისამდე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთი მხრივ, ინტუიციას, იუმორის გრძნობას, რომანტიკულობას, ემოციურობას და მგრძნობიარობას, მეორე მხრივ, შინაგან კომპლექსებს, ეჭვებს და დეპრესიულობას გააძლიერებს.

10 ივნისს გამარჯვების მმართველი პლანეტის – იუპიტერის ერთი წლით კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ადამიანებში პატრიოტიზმს, ოჯახური და ეროვნული ფასეულობების დაცვის სურვილს გააძლიერებს. წარმატება ელით საგანმანათლებლო, კულტურის, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის სფეროსა და სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს.

11 ივნისს სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირებით ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქალურ ღერძზე, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, შეცდომების და ცდუნებების, აგრესიის და დეპრესიის ალბათობა.

ვერძი – მოიმატებს დაძაბულობა გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან მაღალია გაცივების და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ასე მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ, ჩვეული უკომპრომისობა კი, მხოლოდ თქვენ გაზარალებთ. არაა გამორიცხული სასამართლო დავაში ჩაბმა და პარტნიორებთან სამუდამოდ ურთიერთობის გაწყვეტა მოგიხდეთ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, რათა თავი დააღწიოთ პრობლემებს.

კურო – მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით სახლში. მართალია, ნაკლებად ხართ განწყობილი სიახლეებისთვის, მაგრამ მაინც მოგიწევთ მათი მიღება. არაა გამორიცხული ოჯახის წევრებთან მოგვიდეთ სერიოზული კონფლიქტი, ან მოგიწიოთ საცხოვრებლის შეცვლა. ეცადეთ მშვიდად შეხვდეთ სირთულეებს, არ იჩქაროთ და იმოქმედოთ პრინციპით, “შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”. მოერიდეთ ფულის ფუჭად ხარჯვას, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. თავი შეიკავეთ ოფიციალურ დოკუმენტების გაფორმებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

ტყუპები – არ ღირს ფიზიკურად და ემოციურად გადაღლა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ დაგეგმილი საქმეების ბოლომდე მიყვანა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. არ ღირს წვრილმანებზე გაღიზიანება და აგრესიის გამოვლენა, არ აჰყვეთ შინაგან ეჭვებს და შიშებს, რადგან ასე მხოლოდ რეალობის ობიექტურად შეფასების უნარს დაკარგავთ. მართალია, გაგიჩნდებათ უსამართლობის შეგრძნება, მაგრამ მაინც არ ღირს კონფლიქტში ჩაბმა, რადგან მაინც ვერ დაამტკიცებთ თქვენს სიმართლეს. გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა იმ საქმის მიმართ, რომელსაც ასრულებთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები და არ დაიმსახუროთ სხვათა კრიტიკა.

კირჩხიბი – ერთ-ერთი ურთულესი კვირაა მთელი წლის მანძილზე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ ღირს ზედმეტად გადაღლა და საკუთარ თავზე იმ ვალდებულებების აღება, რომელთა შესრულების არც ძალა გაქვთ, არც განწყობა. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ გეგმების შეცვლა, მიმდინარე მოვლენებისთვის ფეხის აწყობა, გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა და ძველ მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტა. აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რადგან ბევრი ეცდება თქვენს გამოწვევას და გაღიზიანებას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მოშურნეების მიმართ, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას.

ლომი – მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ ნებისმიერი  წამოწყება მარცხით დასრულდება. ურთიერთობა დაგეძაბებათ გარშემომყოფებთან, რისი მიზეზი თქვენი სიჯიუტე გახდება. მოერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას, უმჯობესია იმუშაოთ ინდივიდუალურად, რადგან მაღალია კოლეგებთან და პარტნიორებთან დაპირისპირების ალბათობა. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას.

ქალწული – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. არაა გამორიცხული გარე ფაქტორების გავლენით მოულოდნელად მოგიწიოთ გეგმები შეცვლა და სპონტანურად მოქმედება. არ ღირს გაღიზიანება, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. ეცადეთ სტაბილური ურთიერთობა შეინარჩუნოთ ხელმძღვანელებთან, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პროფესიონალურ წინსვლას და განვითარებას.

სასწორი – მართალია, შეძლებთ ჩვეული გონებამახვილობის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. შესაძლოა გაგიჩნდეთ უსამართლობის შეგრძნება, თუმცა არ ღირს ემოციებს აყოლა და გაღიზიანება, რადგან მაინც ვერ შეძლებთ თქვენი სიმართლის დამტკიცებას. მართალია, ნაკლებად ხართ განწყობილი სიახლეებისთვის, მაგრამ მაინც მოგიწევთ ცვლილებების განხორციელება. მოერიდეთ ფულის ფუჭად ხარჯვას, მსხვილ საყიდლებს და კაპიტალის დაბანდებას, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა, რაც სერიოზულად გაზარალებთ.

მორიელი – გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან ფიზიკური და ემოციური დაღლილობა არ მოგცემთ საქმეების ბოლომდე მიყვანის საშუალებას. ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაში, რაც ნაკლებად სასიამოვნო აღმოჩნდება და მხოლოდ თქვენს ბრაზს გამოიწვევს. მართალია, კოლეგები ყველანაირად შეეცდებიან თქვენს ჩაბმას ავანტიურაში, მაგრამ არ ღირს პროვოკაციებს აყოლა და გაუაზრებელ რისკზე წასვლა. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საიდუმლოს გაცემა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

მშვილდოსანი – მართალია, შეძლებთ ორგანიზატორული ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ თქვენი მონდომების შედეგი მაინც ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იქნება. აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს იმპულსურად მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ასე მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. უსიამოვნებები გელით პირად ცხოვრებაში. არაა გამორიცხული სამუდამოდ მოინდომოთ პარტნიორთან დაშორება.

თხის რქა – კონფლიქტების და დაპირისპირებების კვირაა, რაც ემოციურადაც გამოგფიტავთ და ფიზიკურადაც. ეცადეთ შეინარჩუნოთ სტაბილურობა, არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ, რადგან ასე არა მხოლოდ თქვენი საქმე, არამედ რეპუტაციაც იზარალებს. ნაკლებად გაამართლებს კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობა, უმჯობესია იმოქმედოთ დამოუკიდებლად, რადგან ასე წარმატების მიღწევის მეტი შანსი გექნებათ. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება ოჯახის წევრებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას, რათა თავი დააღწიოთ უსიამოვნებებს.

მერწყული – მართალია, შეძლებთ ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს რეპუტაციაზე. მოერიდეთ კონფლიქტებს, რადგან დაპირისპირება პარტნიორებთან ისევ თქვენ გაზარალებთ, რადგან დაკარგავთ მათ მხარდაჭერას. არაა გამორიცხული მოულოდნელად შეიცვალოს ან არ შესრულდეს მანამდე გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რაც გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევას გაიძულებთ.

თევზები – გაუფრთხილდით დასუსტებულ ჯანმრთელობას. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და კარგად გამოიძინოთ. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, არ აჰყვეთ ემოციებს, მართალია ბევრი ეცდება თქვენზე გავლენის მოხდენას და თქვენი სისუსტეებით მანიპულირებას, მაგრამ მაინც არ ღირს დაპირისპირებაში ჩაბმა, რადგან მეტად არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდებით. არ ღირს საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა, რადგან იმაზე მეტ ფინანსებს დახარჯავთ, ვიდრე გეგონათ, სასურველ შედეგს კი, მაინც ვერ მიიღებთ.

გეომაგნიტური დღეები – 10, 13 და 15 ივნისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები