მილანში ცოტას თუ ნახავთ ჭეშმარიტად იტალიურს, თუმცა ლომბარდიის დედაქალის სტუმრობა მაინც ღირს. გთავაზობთ მილანის ექვს ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობას, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
მილანის ტაძარი დუომო
გოთიკის სტილში აგებული კათედრალური ტაძარი მილანის ყველაზე დიდი სიამაყეა. დუომოს 2245 მარმარილოს სტატუა ამშვენებს, სახურავს კი, 135 ქიმი აქვს. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტაძარში 40 000 დასაჯდომი ადგილია, კარგ ამინდში კი, მისი კოშკებიდან ალპური მწვერვალების დანახვაც შეიძლება.
ვიქტორ ემანუელ მეორეს გალერეა
მე-19 საუკუნეში აგებული სავაჭრო პასაჟი მილანის ორ მოედანს – პიაცა დელ დუომოს და პიაცა დელა სკალას აერთიანებს, გალერეაში შუშის გუმბათის ქვეშ კი, უამრავი ბუტიკი, სუვენირების მაღაზია და კაფეა თავმოყრილი.
ლა სკალას თეატრი
მსოფლიოს ერთ-ერთი ყვლაზე ცნობილი ოპრის თეატრი მე-17 საუკუნეში გაიხსნა და სწორედ აქ შედგა პუჩინისა და ვერდის ოპერების პრემიერები. დღეს ლა სკალას თავისი მუზუმიც აქვს, სადაც თეატრის ისტორიასთან დაკავშირებული უამრავი დოკუმენტი ინახება.
სანტა მარია დელა გრაციე და “საიდუმლო სერობა”
ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილი ფრესკა (რომლის სიმაღლეც რესტავრაციის შემდეგ 8,5 მეტრს შეადგენს) სწორედ აქ ინახება. მონასტერი მილანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
სფორცას ციხე-სიმაგრე
წითელი აგურის ციხე-სიმაგრეში, რომელიც სფორცამ მე-15 საუკუნეში მიიღო ვისკონტის დინასტიისგან და რენესანსის სტილში გადააკეთა, მიქელანჯელოს დაუმთავრებელი ნამუშევარი “პიეტა რონდონინი”, ანტიკვარული ავეჯი, ნახატები და სხვა ექსპონატებია გამოფენილი.
მონტენაპოლეონეს ქუჩა
მოდის იგნორირება მილანში შეუძლებელია, მონტენაპოლეონეს ქუჩა კი, სამოთხეა “შოპაგოლიკებისთვის”. მართალია, ფასები აქ “ალტა-მოდას” მაღალი სტანდარტების შესაბამისია, მაგრამ სუფთა მილანური სუვენირების შეძენა მაინც შეიძლება.





