Porsche-ს სტრატეგიის გადახედვამ volkswagen-ს €1.3 მილიარდი დააკარგვინა.
კომპანია პროგნოზირებს, რომ წლიური ზარალი 5 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება, რაც ბოლო წლების ყველაზე დიდი დანაკარგია.
2025 წლის მესამე კვარტალში Volkswagen-მა კოლოსალური ფინანსური ზარალი განიცადა. ორი მთავარი მიზეზი ასეთია:
დამატებითი ხარჯები Porsche-ს ელექტრომობილების სტრატეგიის შეცვლის გამო;
ამერიკაში იმპორტის საბაჟო მოსაკრებლების ზეწოლა.
შედეგად, €1.3 მილიარდის ოპერაციული ზარალი დაფიქსირდა.
საბაჟო გადასახადები და ამერიკის ბაზარზე გაყიდვების კლება, წლის ბოლომდე დამატებით €5 მილიარდამდე ზარალს მოიტანს.
Volkswagen-ის ფინანსური დირექტორის, არნო ანტლიცის თქმით, საერთო დანაკარგიდან დაახლოებით €4 მილიარდი პირდაპირ უკავშირდება საბაჟო ტარიფებს, ხოლო დანარჩენი – გაყიდვების ვარდნასა და წარმოების გეგმების კორექტირებას.
Volkswagen-ის კონტროლის ქვეშ მყოფმა Porsche-მ (75,4% აქციების მფლობელი) კვარტალი ასევე ზარალით დაასრულა.
კომპანიამ გადაწყვიტა ახალი ელექტრომობილების წარმოება გადაედო და აქცენტი ჰიბრიდულ და ბენზინის მოდელებზე გაეკეთებინა.
ეს გადაწყვეტილება მტკივნეული აღმოჩნდა ოლივერ ბლუმესთვის, რომელიც ერთდროულად Volkswagen-ს და Porsche-ს ხელმძღვანელობს. ინვესტორები უკვე ეჭვობენ, შეძლებს თუ არა ის ორი განსხვავებული სტრატეგიის ბრენდის ეფექტურად მართვას.
მიუხედავად ცუდი კვარტალისა, Volkswagen ინარჩუნებს წლიურ პროგნოზს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მიკროჩიპების სტაბილურ მიწოდებაზეა დამოკიდებული.
ევროკავშირისა და ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირება, რომელმაც ჰოლანდიური მწარმოებელი Nexperia დააზარალა, წარმოების შეფერხების რისკს ქმნის.
მესამე კვარტალში Volkswagen-ის გლობალური მიწოდება 1%-ით გაიზარდა, რაშიც დასავლეთ ევროპაში გაყიდვების ზრდამ დიდი როლი ითამაშა.
ჩინეთში კი მიწოდება 7%-ით შემცირდა, მაშინ როცა კონკურენტებსაც პრობლემები აქვთ:
Mercedes-Benz – გაყიდვები 27%-ით დაეცა,
BMW – მხოლოდ 0,4%-ით.
ელექტრომობილების სეგმენტში სურათი განსხვავებულია:
გაყიდვები გაიზარდა 33,1%-ით (252 100 ავტომობილი ივლისიდან სექტემბრამდე).
თუმცა გეოგრაფიულად სურათი არათანაბარია:
ჩინეთში – ვარდნა 55%,
ჩრდილოეთ ამერიკაში – ზრდა 213,5%,
ევროპაში – ზრდა 60%.
ამ მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ზეწოლა ოლივერ ბლუმეზე, რომელიც მომავალ წელს Porsche-ს გენერალური დირექტორის პოსტს დატოვებს, რათა სრულად Volkswagen Group-ის მართვაზე ფოკუსირდეს.
მის ადგილს მიხაელ ლაიტერსი, McLaren-ის ყოფილი ხელმძღვანელი დაიკავებს.