მალაიზიაში საკვების მიტანის სერვისის ყოფილი დამფუძნებელი და მილიონერი ინდერა არია ვი ჯინი ბიზნესის გაკოტრების შემდეგ თავად გახდა კურიერი. მისი ისტორია გამოცემა Mothership-მა გაავრცელა.
40 წლის მეწარმემ საკუთარი კომპანია 2019 წელს დააფუძნა. ბიზნესმა პირველივე წელს დიდი წარმატება მოიპოვა – კომპანიამ დაახლოებით 6 მილიონი მალაიზიური რინგიტის წმინდა მოგება მიიღო, ხოლო სამსახური 3 000-ზე მეტ კურიერს მისცა.
თუმცა, 2021 წლიდან კომპანია ფინანსურ სირთულეებს წააწყდა. ჯინის თქმით, მისი ბიზნესის პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობმა პირებმა კომპანიის ტექნიკურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს და ეს ინფორმაცია კონკურენტებს გადასცეს. შედეგად, შემოსავალი მკვეთრად შემცირდა და რამდენიმე მილიონიდან მხოლოდ 40 ათას რინგიტამდე დაეცა.
დაგროვილი ვალდებულებების დასაფარად მეწარმეს მთელი ქონების გაყიდვა მოუწია, რათა თანამშრომლების ხელფასები გადაეხადა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ზოგჯერ ოჯახის გამოსაკვებად ქუჩაში ნაპოვნი მონეტებითაც კი ყიდულობდა საკვებს. მისი თქმით, რთულ პერიოდში ბევრმა მეგობარმაც ზურგი აქცია, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათგან ფინანსურ დახმარებას ითხოვდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯინიმ გადაწყვიტა თავად ემუშავა კურიერად. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი თანამშრომლის სიტყვებმა გადააწყვეტინა, რომელმაც უთხრა, რომ სწორედ ამ სამსახურის წყალობით ახერხებდა შვილების რჩენას.
დღეს ყოფილი მილიონერი ამბობს, რომ დაკარგულ ქონებაზე აღარ დარდობს. მთავარი მისთვის ოჯახის უზრუნველყოფაა. მიუხედავად საკუთარი ფინანსური მდგომარეობისა, ის შეძლებისდაგვარად კვლავ ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს და იმედოვნებს, რომ მომავალში ბიზნესში დაბრუნებას და ახალი წარმატების მიღწევას შეძლებს.