ატლანტიკ-სიტიში „მის ამერიკა – 2016“ გამოავლინეს. აშშ-ს ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტული, 50 ათასი დოლარი და რა თქმა უნდა – გვირგვინი 21 წლის ბეტი კენტრელს გადაეცა, ჯორჯიის შტატიდან.
„ეს წარმოუდგენელია, არ შემიძლია დაჯერება, ძალიან მადლობელი ვარ ჟიურისა და ჩემი ოჯახის. ისეთი აღელვებული ვარ, მადლობის თქმის მეტი ახლა არაფერი შემიძლია,“ – განაცხადა გოგონამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაც შეეხება ჟიურის, მისი თავმჯდომარე წელს ამერიკელი მოდელი, მომღერალი და მსახიობი ვანესა უილიამსი იყო, რომელიც 1984 წელს პირველი ფერადკანიანი „მის ამერიკა“ გახდა. თუმცა გულახდილი ფოტოსესიისთვის, რომელიც ჟურნალმა Penthouse-მა დაბეჭდა, უილიამსს მალევე ჩამოართვეს აღნიშნული ტიტული.
გუშინ კი, ფინალური შოუს დასაწყისში, „მის ამერიკას“ ორგანიზატორებმა უილიამსს სახალხოდ მოუხადეს ბოდიში იმის გამო, რომ 30 წლის წინ მას უსამართლოდ ჩამოართვეს გვირგვინი.


ბეტი კენტრელი

