LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მითი დაიმსხვრა: ბათუმში ველოსიპედით თითქმის არავინ სარგებლობს

32

ბათუმში ველოსიპედის პარკის დაველოტრასების განვითარებაზე დახარჯულმათანხამ 2010–დან 2012 წლამდე ხუთ მილიონნახევარ ლარს გადააჭარბა, მაგრამ მოსახლეობა გადაადგილებისთვის ველოსიპედებს მაინც არ იყენებს.

მითი, რომ ბათუმი ველოსიპედების ქალაქია დაიმსხვრა.

გერმანული კომპანია A+S Consult GmbH–ის კვლევის ფარგლებში გამოკითხვამ აჩვენა, რომ ველოსიპედს, როგორც სატრანსპორტო საშუალებას მხოლოდ 0.28% იყენებს.

როგორც ლაშა ნაკაშიძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, ამის მიზეზი არაინტეგრირებული და ფრაგმენტული ველოინფრასტრუქტურაა.

მისი თქმით, ველოსიპედებს ბათუმში, ძირითადად გართობისთვის იყენებენ, მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთებზე.

„არ არსებობს საგზაო ნიშნები ველოსიპედებისთვის, ველობილიკები წყდება კონკრეტულ ადგილებზე, გზაჯვარედინებზე, არ მოიცავს მთლიან ქალაქს, გარდა ამისა, არსებული ველობილიკებიც მოუწესრიგებელია. არ არსებობს ველობილიკების რუქა, რომ იცოდე სადამდე მიხვალ ველოსიპედით“, – განაცხადა ლაშა ნაკაშიძემ „ფორტუნასთან“.

ნაკაშიძის განცხადებით, იმისთვის, რომ ეს ტრანსპორტი განვითარდეს, აუცილებელია ამ პრობლემების მოგვარება. ველოინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის გეგმის შემუშავება, სწორედ ახლა მიმდინარეობს.

გეგმის შემუშავების შემდეგ, დაიწყება კონკრეტული საპილოტე პროგრამების განხორციელება. პროექტები, სავარაუდოდ მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსდება.

„პირველ რიგში, ტურისტულ ადგილებში უნდა გაგრძელდეს ველობილიკები. ასევე, უნდა დავამატოთ გაქირავების წერტილები. ველობილიკებმა კი მთელი ქალაქი უნდა მოიცვას“, – განაცხადა ლაშა ნაკაშიძემ.

ურბანული ტრანსპორტის სისტემის კვლევა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. 2019 წლამდე კი პროექტის ფარგლებში, კონკრეტული საპილოტე პროგრამები განხორციელდება.

პროექტს „მწვანე ქალაქები“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი აფინანსებს, ნაწილს კი გაეროს განვითარების პროგრამა. მისი ბიუჯეტი 1 133 000 აშშ დოლარია. იგეგმება, რომ საპილოტე პროგრამებს თავად მუნიციპალიტეტები დააფინანსებს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები