მიუნჰაუზენის სინდრომი მენტალური აშლილობაა, რომლის დროსაც პაციენტები განზრახ იწვევენ დაავადებას, ავადმყოფობას, დაზიანებას, ძალადობას ან ფსიქოლოგიურ ტრავმას, რათა მიიპყრონ ყურადღება და მოიპოვონ სხვების თანაგრძნობა. მიუნჰაუზენის სინდრომი მიეკუთვნება ფსიქოლოგიური აშლილობის ქვეკლასს, უმეტესად ფიზიკური ნიშნებისა და სიმპტომების მიხედვით, მაგრამ პაციენტებს ასევე აქვთ განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის, მოგზაურობისა და წარსული გამოცდილების დრამატული, უკიდურესად წარმოუდგენელი ისტორიები. ტერმინი „მიუნჰაუზენის სინდრომი“ მომდინარეობს გამოგონილი პერსონაჟის, ბარონ მიუნჰაუზენის სახელიდან.
მიუნჰაუზენის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ დიდი ცოდნა მედიცინის პრაქტიკის შესახებ და შეუძლიათ მოიგონონ სიმპტომები, რაც გამოიწვევს ხანგრძლივ და ძვირადღირებულ სამედიცინო ანალიზებს, საავადმყოფოში ხანგრძლივად ყოფნას და არასაჭირო ოპერაციებს. პაციენტი ამ მდგომარეობაში თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობს. მიუნჰაუზენის სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აშლილობის განვითარების სავარაუდო რისკ-ფაქტორებია ბავშვობაში მიღებული ტრავმები, მშობლებთან ერთად აღზრდის პროცესი, რომლებიც ბავშვებისთვის ემოციურად მიუწვდომელნი იყვნენ სხვადასხვა მიზეზის გამო, ასევე განიხილება სერიოზული ავადმყოფობა ბავშვობის დროს, პიროვნული აშლილობა და დაბალი თვითშეფასება.
პაციენტს შეუძლია მიმართოს ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს. ფსიქიატრები და ფსიქოლოგები იყენებენ ანამნეზს, ფიზიკურ გამოკვლევებს, ლაბორატორიულ ტესტებსა და ფსიქოლოგიურ ტესტირებას პიროვნების ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შესასწავლად. ექიმებმა უნდა იცოდნენ, რომ სიმპტომების მქონე პირებმა შეიძლება გაზვიადონ მდგომარეობა და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა უზრუნველყონ დიაგნოზის მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასმა. შესაძლოა საჭირო გახდეს ლაბორატორიული ტესტები, მათ შორის სისხლის ანალიზი, შარდის ტოქსიკოლოგია, წამლის დონე სისხლში, კოაგულაციის ტესტები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის განსაზღვრა ან დნმ-ის ტიპირება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ფსიქოლოგიური ტესტირება, ელექტროენცეფალოგრაფია ან ელექტროკარდიოგრაფია.