შსს-ს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები, გახმაურებული მარჯვენასაჭიანების გარდა, ქვეითებს, სპეციალური შეფერილობის ავტომობილებსა და მართვის მოწმობის ჩამორთმევასაც შეეხება. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენთან შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ოქროპირიძემ ისაუბრა. როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, ახალი რეგულაციები შეეხება ქვეითად მოსიარულეებსაც და მართვის მოწმობის დროზე ადრე გაცემასაც.
”ქვეითებთან დაკავშირებით პროექტი 2015 წელს შეიქმნა და გარკვეული მიზეზები გამო მისი შემოღება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. თუმცა, შსს-ს მიერ წარდგენილ ახალ კომპლექსურ პროექტში შესულია რეგულაციები ქვეითების მიმართაც. შესაბამისად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მკაცრდება პასუხისმგებლობები, როგორც ქვეითების მიმართ, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართაც.” – აცხადებს ზვიად ოქროპირიძე.
”გარდა ამისა ირკვევა, რომ ცვლილებები შეეხება სპეციალური შეფერილობის მქონე ავტომობილების გზის არ დათმობის წესებსაც. მოცემული კანონმდებლობით სასწრაფო დახმარების ავტომობილის გზის არ დათმობა მართვის მოწმობის ჩამორთმევით ისჯებოდა. ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი მართვის მოწმობის ჩამორთმევა იცვლება ფულადი ჯარიმითა და ქულის დაკლებით.”
”საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით ჩამორთმეული მართვის მოწმობის ”გასაჩივრება” მხოლოდ 3 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. აქამდე კანონით არ იყო განსაზღვრული კონკრეტული ვადა, ჩამორთმეული მართვის მოწმობის უკან გამოთხოვნის შესახებ. ეს გულისხმობს იმას, რომ მძღოლს შეეძლო ჩამორთმეული მართვის მოწმობა მეორე დღესვე მოეთხოვა. ახალი რეგულაციების შემოღების შემთხვევაში კი მძღოლს 3 თვემდე ადრე მართვის მოწმობის მოთხოვნა აეკრძალება. 3 თვის გასვლის შემდგომ კი გარკვეული ოდენობის ფულადი ჯარიმის გადახდის შემდეგ, შესაძლებელი იქნება საკითხი განხვილვაში ჩაეშვას. ხოლო დაბრუნება მოხდება მძღოლის ისტორიის შესაბამისად. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მძღოლს 3 თვის შემდეგ გარანტირებული ექნება მართვის მოწმობის დაბრუნება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მძღოლის დარღვევების ისტორიაზე.” – განაცხადა ზვიად ოქროპირიძემ.