LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელი სამარშუტო ტაქსები თუ განუვითარებელი ბაზარი?

99

გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი სამარშუტო ტაქსები, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, დაღლილი მძღოლები, არაკომფორტული სავარძლები – ეს ის პრობლემებია, რომლებსაც ქუთაისის აეროპორტში ტრანსფერით მოსარგებლე მგზავრები ყველაზე ხშირად ასახელებენ.

აეროპორტს ექსკლუზიურად კომპანია Georgian bus ემსახურება, შესაბამისად, პრეტენზიებიც სწორედ მათი მისამართით ფიქსირდება.

ეს ექსკლუზივი კომპანიამ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებით მოიპოვა, რომელიც ქუთაისის აეროპორტმა გამოაცხადა და რომელშიც მხოლოდ Georgian bus მონაწილეობდა.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების ექსკლუზიური უფლების გადაცემაზე ელექტრონული აუქციონი 2015 წლის 11 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

აუქციონის ერთადერთ მონაწილესთან, “ჯორჯიან ბასთან” ხელშეკრულება 2015 წლის 11 მარტს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც  კომპანიას  3 წლის ვადით ექსკლუზიური უფლება გადაეცა.

Georgian bus-ის მომსახურებით მგზავრთა ნაწილი უკმაყოფილოა. ისინი ამბობენ, რომ ამ ავტობუსებით მგზავრობისას, სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ:

”როცა გვიან ღამით ბრუნდები და ტრანსფერი გჭირდება არჩევანი საერთოდ არ გაქვს – მხოლოდ “ჯორჯიან ბასი” და მისი გადაღლილი მძღოლები, რომელიც გადაბმულად, მინიმუმ სამ რეისს ასრულებენ და რომ არ დაეძინოთ ერთმანეთს ტელეფონით ელაპარაკებიან ამ მზასუმზირას მიირთვემენ საჭესთან. ფასიც არახელსაყრელია”, – განაცხადა ჩვენთან ერთ-ერთმა მგზავრმა.

”ზოგადად კარგია, როდესაც ასეთი მომსახურება (თუნდაც საღამო საათებში პირდაპირ აეროპორტში მიყვანა) არსებობს. თუმცა ამ კომპანიის მომსახურება უფრო „ქართულია“, ვიდრე ევროპული. მაგალითად, ერთ-ერთ მიკროავტობუსში სკამები გადაკეთებული იყო, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის. არადა, ეს მგზავრთა გადაყვანის ისეთი დარგია და ფასიც ისეთია, რომ თავისუფლად შეიძლება ქარხნულმა ავტომანქანებმა იმოძრაონ.

ასევე, საკმაოდ თვალში მოსახვედრია ქუთაისში ამ ავტობუსის მძღოლების ქცევა. ზაფხულში მომიწია ყოფნა და შესაბამისად ცხელოდა. მძღოლები მაისურებს იწევდნენ ერთმანეთს უშვერი სიტყვებით მიმართავდნენ, მართალია, ხუმრობით, მაგრამ გარეშე თვალისთვის მაინც არ იყო სასიამოვნო შესახედი. წვრილმანია და ცუდი არ იქნება თუ ასეთ დეტალებსაც მიაქცევენ ყურადღებას: მსგავსი ნიუანსები უფრო ამახსოვრდება ხოლმე ადამიანს და აქედან იწყება ქვეყანასა და ხალხზე წარმოდგენა”, – განაცხადა კიდევ ერთმა უკმაყოფილო მგზავრმა.

მგზავრთა პრეტენზიებზე ასევე, Georgian bus-ის Facebook გვერდის შეფასებები მეტყველებს:

gb-2
1-georgian-bus

”ფორტუნა” ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორს შალვა ხუციშვილს ესაუბრა.

როგორც მან განაცხადა, კომპანიამ მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო, სამი 32-ადგილიანი ავტობუსი უკვე დაამატა. (აქამდე მგზავრებს Georgian bus-ის 25-ადგილიანი მიკროავტობუსები ემსახურებოდა.)

”კიდევ ვაპირებთ ავტობუსების დამატებას. ზამთრის სეზონზე რამდენიმე ფრენა უკვე გაუქმდა და ამ სეზონზე მეტის დამატების საჭიროება არ არის. ზაფხულის სეზონზე კი ტრანსპორტის გაორმაგებას ვგეგმავთ”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მან ”ფორტუნასთან” მგზავრთა უკმაყოფილების სხვა მიზეზებზეც ისაუბრა.

როგორც შალვა ხუციშვილმა განაცხადა, მგზავრთა პრეტენზიები ხშირად ლოდინს ეხება, რაც იმის გამო იყო გამოწვეული, რომ ქართული საზოგადოება დაჯავშნასა და წინასწარ შეკვეთას შეჩვეული არ არის.

რაც შეეხება უკმაყოფილებას გადაჭარბებული სიჩქარისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ამისთვის მძღოლების დაჯარიმება მოხდება.

”მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შესაბამისი რაოდენობის ტრანსპორტი გვყავდეს, თუმცა მანამ სანამ შეუზღუდავად გაიყიდება ბილეთები და წინასწარ დაჯავშნა არ მოხდება, მგზავრთა რაოდენობის გათვლა წინასწარ რთულია. მძღოლები მკაცრად არიან გაფრთხილებულები და თუ სიჩქარის გადაჭარბება ხდება ისინი ჯარიმდებიან. ჩვენ ყოველ კვირა ვატარებთ მათთვის ტრეინინგებს. ასევე, შევამცირეთ მათი რაოდენობა 45-დან 15-მდე. ზაფხულში, დატრეინინგების შემდეგ, მათ რაოდენობას კვლავ გავზრდით. მივაღწიეთ იმას, რომ არც ერთი მძღოლი მგზავრობის დროს არ ეწევა და მომაბეზრებელ მუსიკას არ უსმენს”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისი თქმით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს უსაფრთხოების ზომების დაცვას.

რატომ არ დაინტერესდნენ ტენდერით სხვა სამარშუტო კომპანიები და რატომ აღმოჩნდნენ ქუთაისის აეროპორტის სტუმრები საფრთხის ქვეშ, ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს.

თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ამ სფეროში კონკურენციის ნაკლებობამ გამოიწვია.

სავარაუდოდ, იმ პირობებს, რომლებიც ქუთაისის აეროპორტს თითქმის ორი წლის წინ ჰქონდა გამოცხადებული, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი კომპანია დააკმაყოფილებს:

აუქციონის ძირითადი პირობები სატრანსპორტო საქმიანობის წარმართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილებას; მგზავრობის მსურველი მგზავრის გადასაყვანად დანიშნულების ადგილამდე საჭირო რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებას; მარშრუტის დროის დაგეგმვა და შესრულება ისე, რომ ყოველი ავიარესის წინ მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 საათით ადრე ყოფილიყო და ავიარეისის შემდეგ ჩამოფრენისთანავე სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა შეეძლოს.

აუქციონის პირობებში ასევე, ვებ გვერდის ქონასა და ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვის სისტემა იყო გაწერილი.

აღნიშნულ პირობებს ახლა ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ”მეტროც” აკმაყოფილებს. თუმცა როგორც ”ფორტუნას” ”მეტროს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განუცხადა, მათ იმ დროისთვის როდესაც ტენდერი გამოცხადდა, საჭირო რაოდენობის სამარშუტო ტაქსები არ ჰყავდათ.

ისინი მომავალში ტენდერში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, იმ შემთხვევაში თუ მათ ამის შესახებ ინფორმაციას დროულად შეატყობინებენ.

თუმცა, რას აპირებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, გამოცხადდება ტენდერი, გაითვალისწინებენ თუ არა ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს, პასუხი ასეთია: ”ამას მომავალ წელს გეტყვით”.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნეს განვითარების მენეჯერმა დეა მაჭავარიანმა ”ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა, რომ ტენდერის გამოცხადების აუცილებლობა, ქუთაისის აეროპორტში იმ დროისთვის არსებულმა მგზავრთა ნაკადის სიმცირემ განაპირობა.

”მაშინ როდესაც ეს ტენდერი ცხადდებოდა, აეროპორტში რამდენიმე კომპანიის ერთად მუშაობა შეუძლებელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მგზავრთა ნაკადი მცირე იყო. მაშინ ჩვენი ინტერესი რამდენიმე კომპანიის მუშაობა არ იყო. მომავალში ეს შეიძლება შეიცვალოს”, – განაცხადა დეა მაჭავარიანმა.

თუმცა, აეროპორტების გაერთიანებაში არ თვლიან, რომ ამ კომპანიის ტრანსფერი ძვირადღირებულია. იმის მიუხედავად, რომ ქუთაისიდან თბილისში მგზავრობა თითქმის იგივე ჯდება, რაც wizzair-ით მილანში ან სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გადაფრენა.

”მაღალ ფასებს თქვენ თბილისიდან ქუთაისამდე 20 ლარს ეძახით? Wizzair-ით გადაფრენა და სატრანსპორტო კომპანიის ტრანსფერი არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ ავიაკომპანია სულ სხვა პროდუქტია და ტრანსფერი სულ სხვა პროდუქტია. აეროპორტის ბილეთის ფასს თქვენ ტრანსფერი არ უნდა შეადაროთ. ტრანსფერი უნდა შეადაროთ თბილისიდან ქუთაისამდე კილომეტრაჟს და საწვავის ფასს. ამ შემთხვევაში 20 ლარი ძვირი ნამდვილად არ არის. ის კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ტრანსფერებს, თბილისიდან ქუთაისის ქუჩებში დაახლოებით იგივე ფასს აწესებენ”, – განაცხადა დეა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, თუ მგზავრების კომფორტისთვის სერვისისა და ხელშეკრულების გაუმჯობესება გახდება საჭირო, ამას კომპანია აუცილებლად გადახედავს.

”ჩვენთვის ამომავალი წერტილია, რომ ჩვენი მგზავრი კმაყოფილი იყოს. ყველა ჩვენი ნაბიჯი გამომდინარეობს იქიდან, რომ მგზავრებს მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ. თუ დადგება საჭიროება, ჩვენ ყველა ხელშეკრულებას და სერვისს გადავხედავთ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები