სანაკრებო მატჩების – ექვსი ერისა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის განახლებისთანავე, უცხოურ პრესაში ევროპის უძლიერესი ტურნირის, ექვსი ერის ფორმატის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრებიც განახლდა.
ამჯერად აღარავინ საუბრობს ექვსი ერიდან იტალიის მოკვეთაზე და მისი საქართველოთი ჩანაცვლებაზე. აქცენტი ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს შორის გადათამაშების დანიშვნაზე, ან ტურნირის გაფართოვებაზე კეთდება.
იტალია არ გავწიროთ და შანსი საქართველომაც მიიღოს
ბრიტანულმა ტელეგრაფმა (The Telegraph) იტალიელები დაიცვა: „ექვსმა ერმა იტალიას ზურგი არ უნდა აქციოს და ამავდროულად, საქართველოსაც უნდა მისცეს შანსი“.
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად ავტორს რამდენიმე ფაქტი მოყავს, უწინარესად სანზარის (SANZAR- სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის რეგიონალური კავშირი) გამოცდილება, რომელსაც საკუთარ გაერთიანებაში არგენტინის მიღების სანაცვლოდ რომელიმე ქვეყნის დაქვეითებაზე არც უფიქრია და არსებულ სამ ერს მეოთხე დაუმატა. შედეგად, ამ ოთხმა ქვეყანამ 2015 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალური წყვილები შეადგინა.
“იტალიელების ხარჯზე არ უნდა მოხდეს ქართული რაგბის განვითარება. არაა საჭირო ერთის დაწინაურება მეორეს გამოთიშვის ხარჯზე. არსებობს ვარიანტი, რომელიც ორივე მხარის მომავალს უზრუნველყოფს და ფრთხილი მოდგომაა საჭირო, როდესაც საკუთარი მოთხოვნების გასამყარებლად სამართლიანობა, სატურნირო ცხრილის მდგომარეობა, ან მსოფლიო რაგბის რეიტინგი მოგვყავს.
“ეს ელემენტები ზედგამოჭრილია ისეთი ტურნირებისთვის, რომელიც წრიული სისტემით, 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგალითად ‘ავივა პრემიერშიპისთვის’. მაგრამ როდესაც მხოლოდ თებერვალსა და მარტში გიწევს დისბალანსით ხუთი თამაშის გამართვა, ნაწილის შინ და ნაწილის სტუმრად, ნებისმიერ გუნდს შეიძლება პრობლემა შეექმნას. არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ გავარდნილი ქვეყნისთვის დაინგრეს მთელი სისტემა.
“დიახ, იტალიურ რაგბში ამჟამად ძალიან ცუდი სიტუაციაა და გუნდი მიუღებელი სხვაობებით მარცხდება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 10 წლის წინ გაქრობა ემუქრებოდა ირლანდიურ „კონახტს“, რომელიც გასულ სეზონში პრო 12-ის ჩემპიონი გახდა; რამდენიმე წლის წინ გაბანკროტობამდე რამდენიმე საათი აშორებდა ‘უოსპს’ და დღეს ის „პრემიერშიპის“ მშვენებაა.
“კვირას იტალიელებს „თვიქნჰემზე“ ელით თამაში და ალბათ, კარგი დღე არ დაადგებათ, მაგრამ მათ დახმარება სჭირდებათ და არა მოკვეთა“ – წერს The Telegraph-ის ჟურნალისტი მიკ კლერი და გამოსავლის საკუთარ ვერსიას გვაცნობს:
“იტალიამ დაიმსახურა ექვს ერში თამაში და საქართველომაც უნდა უნდა მიიღოს თავისი შანსი. „მსოფლიო რაგბმა“ უნდა შეიმუშავოს 5-წლიანი გრაფიკი ნოემბრის ტესტებისთვის და საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ შეხვდეს ექვსი ერის ყველა წარმომადგენელს, შესაძლოა, რომელიმე მათგანს თბილისშიც“.
ო’ში შვიდ ერს ემხრობა
ინგლისურ თაიმსთან (The Times) საუბარში ექვსი ერის გაფართოების სურვილი გამოთქვა იტალიის ნაკრების ირლანდიელმა თავკაცმა კონორ ო’შიმ. ის ამბობს:
“თავდაპირველად იყო ოთხი ერი, მერე ხუთი და ექვსი. უნდა გაგრძელდეს გაფართოება და არ უნდა მოხდეს მონაწილეთა რაოდენობის შემცირება. იტალიის ეკონომიკა მესამეა ევროპის ქვეყნებს შორის და ვფიქრობ, გაუმართლებელია ჩვენი გუნდის ექვსი ერიდან გარიცხვის საკითხის დაყენება. რაგბი უნდა გაიზარდოს და განვითარდეს. ამიტომ ყველა საკითხი ერთობლივად უნდა განვიხილოთ და გადაწყვეტილებებიც ისე მივიღოთ, რომ არავინ დაზარალდეს“.
ო’შის ამ განცხადებას წინ უძღვოდა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რაგბი ევროპის პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ 9 მარტს ოფიციალური განაცხადის გაკეთებას აპირებს, რომლის თანახმადაც ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და რაგბი ევროპის ჩემპიონს შორის საკვალიფიკაციო მატჩი უნდა გაიმართოს და გამარჯვებულმა ექვსი ერის მომავალ გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მიიღოს. თუმცა მორარიუს გათვითცნობიერებული აქვს, რომ ექვს ერზე ზემოქმედების რეალური ბერკეტები არ გააჩნია:
“სრულიად ვათვითცნობიერებ, რომ ექვსი ერი კომერციული ტურნირია და მის საქმეებში ვერ ჩავერევით. ამის ნება შიგნიდან უნდა მოდიოდეს. მათ შეუძლიათ ევროპულ რაგბს მეტი მხარდაჭერა გამოუცხადონ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ექვსი ერი ერთგვარ ელიტურ კლუბად იქცა და ამპარტავნად გვესაუბრებიან – „ჩვენ მდიდრები ვართ! დიდი მადლობა, მაგრამ თქვენ არ გვჭირდებით…“
მობრძანდით და საკუთარი თვალით იხილეთ
ექვს ერში შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით ბრიტანულმა ‘დეილი მეილმა’ (Dailymail) ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, მილთონ ჰეიგის სიტყვები მოიშველია, რომელიც ამბობს:
“მზად ვართ საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფიიანი, ან ექვსი ერის კომიტეტიდან ნებისმიერი წარმომადგენელი, რათა გაეცნონ აქ არსებულ მდგომარეობას. რეალურად, არცერთ ჩვენგანს მათთან კომუნიკაცია არ გვქონია. გვინდა ვიცოდეთ, რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენთვის ექვსი ერის კარი გაიღოს. თუ სტადიონები და ინფრასტრუქტურა გვაქვს მოსაწესრიგებელი, მზად ვართ ამის გასაკეთებლად, თუ დამატებითი ფინანსები გვჭირდება, პრობლემა არც ეს იქნება. საზოგადოების, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის დახმარებით, ჩვენ ყველა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია.
“ჩვენ ვითხოვთ შანსს, გვაცალეთ 2-3 წელიწადი და თუ ამის შემდეგ ყველა თამაშში 40 ქულის სხვაობით დავმარცხდებით, ბოდიშს მოვიხდით და ჩვენს “სოროში” დავბრუნდებით“.
შანსი საქართველოსთვის – იტალიური რაგბის მაშველი რგოლი
სახელგანთქმული სპეციალისტი სერ კლაივ ვუდვორდი, რომელმაც 2003 წელს ინგლისი მსოფლიო თასის მოპოვებამდე მიიყვანა და ამჟამად ‘დეილი მეილის’ მიმომხილველია, ექვს ერსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატს შორის ასვლა-ჩასვლის პლეი-ოფის სისტემის დანერგვის მომხრეა. უფრო მეტიც, ის ამაში იტალიური რაგბის გადარჩენის გზებს ხედავს:
“იტალია იქცა თვითკმაყოფილ, უამბიციო წევრად და თუ ვინმეს იტალიური რაგბი უყვარს, ის უნდა ცდილობდეს მისი მოტივაციის ამაღლებას, ბრძოლის წყურვილის გაღვივებას. პლეი-ოფის დანერგვა იტალიელებს გააძლიერებს, საბრძოლო სულისკვეთებას დაუბრუნებს და აქცევს დიდ გუნდად, ისეთად, როგორიც 90-იან წლებში იყო. კარგი იქნებოდა, თუ მსგავსი პლეი ოფი ჯერ კიდევ მაშინ დაინერგებოდა, როდესაც ხუთი ერი ექვს ერად გადაკეთდა.
“არც უელსი, შოტლანდია და საფრანგეთი, ანუ ის ქვეყნები, რომლებიც 2000 წლიდან დღემდე ტურნირში ერთხელ მაინც ბოლო ადგილზე გასულან, არ უნდა იყვნენ დაზღვეული გავარდნისგან და ყველამ საკუთარი თამაშით უნდა მოიპოვოს უმაღლეს დონეზე გამოსვლის უფლება. პლეი ოფის სისტემის დანერგვა იქნება სამართლიანი მიდგომა და მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს მოტივაციას. მსგავსი სტიმული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი მორაგბეებისთვის, მწვრთნელებისთვის და გულშემატკივრებისთვის“.
55 ათასი ქომაგი ყველა თამაშზე
მორიგ სტატიაში „ტელეგრაფი“ საერთო მოსაზრებას იზიარებს – იტალიის ჩანაცვლებით, თუ საქართველოს მეშვიდე ქვეყნად დამატებით, ექვსი ერის ფორმატმა მოდერნიზაცია უნდა განიცადოს. ის მსოფლიო რაგბში საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელს, სრკ-ს ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ნიჟარაძეს ესაუბრა და მიიღო გარანტია, რომ ექვსი ერის ყველა თამაშს საქართველოში 55-ათასი მაყურებელი დაესწრება. ნიჟარაძე ექვსი ერის მმართველებისგან ითხოვს პირობას, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოსთვის დახურული კარი გაიღება და ირწმუნება, რომ ამით ტურნირის კომერციული მხარე კიდევ უფრო გაიზრდება:
“სახელმწიფოსა და კერძო სექტორისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს. ვდებ პირობას, რომ ყველა თამაშს 55 ათასი მაყურებელი დაესწრება. გვითხარით რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა მოვიტანოთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ჩვენ ამას გავაკეთებთ. არა მხოლოდ ქართული რაგბი, არამედ მთელი ქვეყანა მზადაა, რომ ტურნირში ღირსეულად ჩაერთოს.
“თბილისი უძველესი კულტურის მქონე, ულამაზესი ქალაქია. სტუმრად ჩამოსული ინგლისელი, ირლანდიელი, ფრანგი, შოტლანდიელი, უელსელი და იტალიელი გულშემატკივრები ისიამოვნებენ რაგბით და ქალაქით, ასევე ღვინით, რადგან საქართველო ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანაა. თუ რაგბის ღირებულებებზე ვსაუბრობთ, არ უნდა არსებობდეს ორმაგი სტანდარტები“.