ამსტერდამელი მოგზაური ავსტრალიის ნაცვლად შემთხვევით კანადაში გაფრინდა. გამოცემა „The Sun“-ის ინფორმაციით, მილან შიპერი ორ სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ერთი და იმავე დასახელების ქალაქმა დააბნია. მამაკაცმა ბილეთი სიდნეის მიმართულებით იყიდა და დარწმუნებული იყო, რომ ავსტრალიაში მიფრინავდა. თუმცა, მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში კანადის პროვინციაში, ახალ შოტლანდიაში მდებარე დასახლებულ პუნქტში გაემგზავრა. შეცდომა კი ტურისტმა მხოლოდ მას შემდეგ შეამჩნია, რაც ტორონტოში ჩაფრინდა და სხვა მგზავრებთან ერთად მეორე ხომალდში უნდა გადამჯდარიყო. შეცდომის გამოსწორება უკვე ძალიან გვიანი იყო, ამიტომ მილანს ბევრი არ უფიქრია და სიდნეიში ჩაფრინდა. რამდენიმე დღეში კი უკან ამსტერდამში დაბრუნდა.