კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის თანახმად, მოგზაურობა უფრო დადებითად მოქმედებს ადამიანის ემოციონალურ მდგომარეობაზე, ვიდრე შოპინგი.
კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ტომას გოლოვიჩი, რომელიც უკვე ორი ათეული წელია იკვლევს ბედნიერების ფენომენს და მის კავშირს მატერიალურ კეთილდღეობასთან, დარწმუნებულია, რომ ახალი ქვეყნების გაცნობას ადამიანებისთვის უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე რაიმე ნივთის შეძენას.
პროფესორი გოლოვიჩი დარწმუნებულია, რომ ადამიანები შეცდომით მიიჩნევენ შოპინგს სიამოვნებად, როცა სინამდვილეში, ბევრად უფრო ბედნიერები არიან ქალაქგარეთ მოგზაურობისას, თეატრის ან კონცერტის სტუმრობისას. მეცნიერის აზრით, ადამიანები სწრაფად ეჩვევიან ახლად შეძენილ ნივთს და კარგავენ ბედნიერების შეგრძნებას, მაშინ, როცა სასიამოვნოდ გატარებული დროის გახსენება, უფრო აქტიურად გამოიმუშავებს დოფამინს – ბედნიერების ჰორმონს. ამგვარად, ფული, შოპინგი ან მატერიული კეთილდღეობის სხვა ელემენტები, უფრო მცირე დროით უნარჩუნებენ ადამიანს ბედნიერების შეგრძნებას, ვიდრე მოგზაურობა, ცოდნის შეძენა და ახალი ადამიანების გაცნობა.