თბილისში თებერვლიდან 90 ახალი, 10 მეტრიანი MAN-ის დიზელის ძრავიანი ავტობუსი შემოვა. 2019 წლის ბოლოსთვის კი, ავტობუსების პარკი მთლიანად ჩანაცვლდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ქალაქში. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი აქვთ ამოწურული. კარგად ვიცით, რა მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. არის სხვა პრობლემებიც, რომელიც უკავშირდება მშენებლობებს, გამწვანებას, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს,“ – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
გარდა ამისა, კალაძის ინფორმაციით, მერიაში უკვე გამოცხადდა ტენდერი 220 ერთეულ ავტობუსზე, რომელიც 8-მეტრიანი იქნება. ასეთი ავტობუსების შემოყვანაც მომავალი წლიდან დაიწყება.
„ტენდერი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვეცოდინება, ვინ არის გამარჯვებული კომპანია. ასევე, 2019 წელს ჩვენ ვაპირებთ 150 ერთეული გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსის შემოყვანას და 90 ერთეული იქნება ელექტრო ავტობუსი. 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად კიდევ დამატებით დაიწყება ახალი ელექტრო ავტობუსების შემოყვანა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.