LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოტოციკლეტის, მართვის შესასწავლი სკოლები არ არსებობს – მოტოციკლეტით ავარიები 10-15%-ით იზრდება

51

საქართველოში მოტოციკლეტით საგზაო შემთხვევათა რაოდენობა ყოველწლიურად 10-15%-ით იზრდება – ამის შესახებ “რეზონანსს” ნაციონალური მოტოსპორტის ფერედაციის პრეზიდენტმა განუცხადა. სამშაბათს კიდევ ერთი ტრაგიკული საგზაო შემთხვევა მოხდა – ვაჟა-ფაშაველას გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლისტი ქალბატონს დაეჯახა.

მოტოციკლეტის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ქალბატონი კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი მოტოციკლეტის მძღოლია და ის ბაიკერი არ ყოფილა. “გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დანიშნულია ექსპერტიზები და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა მოხდა და ვისი ბრალი იყო,” – განუცხადეს “რეზონანსს” შსს-ში. რაც შეეხება მოტოციკლეტით საგზაო შემთხვევების სტატისტიკას, სამინისტროში აცხადებენ, რომ ამისთვის ოფიციალური მიმართვაა საჭირო, რასაც დრო სჭირდება, შესაბამისად, ახლა ვერ მოგვაწვდიან. მსგავსი შემთხვევების გახშირებაზე საუბრობს საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გრიგოლ ჩოქური და აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრმა მოყვარულმა იყიდა მოტოციკლეტი, თუმცა მართვა რომ ისწავლონ, შესაბამისი სკოლები არ არსებობს.

“შესაბამისი უწყებები ყურს იყრუებენ და არც კანონები სრულდება. მსგავსი ავარიების რიცხვი ყოველ წელს, წინა წელთან შედარებით 10-15%-ით იზრდება. უფრო მეტმა იყიდა მოტოციკლეტი და სკოლები კიდევ არ არსებობს, რომ მართვა ასწავლონ. მოყვარულები ასწავლიან და შესაბამის შედეგსაც ვიღებთ. მოტოციკლეტის ტარებით ვამტკიცებთ, რომ ძლიერები ვართ და გვავიწყდება უსაფრთხოება, რაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ცუდად მთავრდება. პირდაპირ ძლიერ მოტოციკლეტზე სხდებიან, ამან გატაცება იცის და მერე ავიწყდებათ ყველაფერი,” – ამბობს გრიგოლ ჩოქური და სახელმწიფოს მხრიდან ინტერესის დეფიციტზე აკეთებს აქცენტს. “სახელმწიფოს მხრიდან უინტერესო დამოკიდებულებაა.

რამდენჯერაც ამ თემაზე მქონდა საუბარი, ამაში დავრწმუნდი. მაგალითად, ფოსტაში (კონკრეტული სახელისა და გვარის დასახეელება არ მინდა,) ვუთხარი, რომ მომსახურე პერსონალს მოტოციკლეტის მართვა ვასწავლოთ, გაუფრთხილებლობით შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოს-მეთქი – აი, დარდიო, ზუსტად ასე მიპასუხეს. სწორედ ასეთ დრონეზეა დაინტერესება და შედეგიც შესაბამისია. ფულს უფრო ვუფრთხილდებით, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეს.

არ მინდა მთლად პესიმისტურად გამომივიდეს. იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, პატარა ნათელი წერტილებიც არსებობს. ძალიან ბევრს ნიშნავს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ თემით დაინტერესდით,” – ამბობს გრიგოლ ჩოქური. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის კანონის შეცვლა და გამკაცრებაა საჭირო. “აუცილებელია კანონების გამკაცრება. დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, ბაიკერებსა და პოლიციელებს შორის ქიშპობა არ უნდა იყოს. აუცლებლად უნდა ჩამოყალიბდეს პროფესიული სკოლები, სადაც მისაბაძი სპოტსმენები ასწავლიან, რათა სხვებს მოტივაცია მიეცეს.

ეს პირობები თუ არ იქნება შესრულებული, არაფერი გამოვა და გაგრძელდება იგივე, რაც აქამდე ხდებდა, უფრო მეტი სიცოცხლე შეეწირება,” – აღნიშნავს გრიგოლ ჩოქური. ავტოსაგზაო შემთხვევების მზარდ სტატისტიკაზე საუბრობს “ეკო ტრანსპორტ ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძეც. მისი თმით, ტრავმებისა და გარდაცვალების რისკი მოტოციკლეტის შემთხვევაში გაცილებით დიდია. “სტატისტიკურად, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, მოტოციკლეტით ავარიის შემთხვევებიც. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ მოტოციკლეტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ სატრანსპორტო საშუალებად ითვლება და ყოველთვის დაკავშირებულია მაღალ რისკთან. როდესაც სწრაფად მოძრაობ, რთულია თავიდან აირიდო არაგეგმური მოვლენები.

ამასთანავე, მანევრი მოტოციკლით უფრო რთულია, ვიდრე 4-ბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებით. “და მეორე ფაქტორი, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოტოციკლი ფიქსირდება, გარდაცვალებისა და ტრავმის შანსი ბევრად მაღალია, რადგან დაცულობა თითქმის ნულამდეა დაყვანილი. ერთადერთი დამცავი საშუალებაა ჩაფხუტი და სპეცტანსაცმელი, რასაც საქართველოს შემთხვევაში, ძალიან ხშირად, საერთოდ არ იყენებენ,” – ამბობს ვასო ურუშაძე. მისი თქმით, მოტოციკლი ისეთივე სრულფასოვანი სატრანსპორტო საშუალებაა, როგორიც ავტომობილი და მძღოლები ხშირად ამას ვერ აცნობიერებენ.

“მოტოციკლზეც იგივე საგზაო მოძრაობის წესები ვრცელდება, რაც ავტომობილზე. ბევრჯერ გვხვდება მომენტი, როდესაც უკიდურეს მარცხენა ზოლიდან მძღოლი მარჯვენა მხარეს უხვევს, რომ პარალელურ ქუჩაზე შევიდეს, რა დროსაც მარჯვენა ზოლში შეიძლება მოძრაობდეს სხვა სატრანსპორტო საშუალება, მაგალითად მოტოციკლეტი, რომელიც მანევრირებას ვერ ასწრებს და ხდება შეჯახება. ასევეა კარის გაღების შემთხვევები, როდესაც მძღოლი კარს ისე აღებს, სარკეში არ იყურება და მოტოციკლეტი ვეღარ ასწრებს დამუხრუჭებას ან არასწორ მენევრს აკეთებს და ავტოსაგზაო შემთხვევას იწვევს,” – აღნიშნავს ურუშაძე და გამოსავალს მძღოლებისა და ქვეითების ცნობიერების ამაღლებაში ხედავს.

“ამ მხრივ განათლებისა და დისციპლინის დონე ძალიან დაბალია. საგზაო მოძრაობის შესახებ არსებული კანონმდებლობა უნდა დაიცვას ყველამ, მძღოლმა თუ ქვეითმა. ძალიან ხშირად, მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს და ამტკიცებს, რომ მართალია. სტერეოტიპებიც კი არსებობს, რომ რადგან მოტოციკლისტია, აუცილებლად ის არის დამრღვევი ან როცა ქალბატონია საჭესთან, აუცილებლად ის არღვევს, მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა. “მოტოციკლეტის კატეგორიაში საერთოდ არანაირი სწავლება არ მიმდინარობს და ვისაც მართვის მოწმობის აღება უნდა, ამას ძალიან მარტივად ახერხებს.

ასევეა ავტომობილის კატეგორიაზეც. ავტოსკოლების ნაწილი არანაირ განათლებას არ აძლევს მძღოლებს და მიმართულია იმაზე, რომ ასწავლონ მხოლოდ გამოცდის ჩაბარება, აზეპირებინებენ ტესტებს და იმ დეტალებს, რაც გამოცდაზეა მოთხოვნადი, რაც დამღუპველია. ეს კიდევ უფრო მეტად მოტოციკლეტის მძღოლებს ეხებათ, რადგან მათზე არანაირი სავალდებულო საგანმანათლებლო სისტემა არ მოქმედებს,” – აცხადებს ვასო ურუშაძე.

 

წყარო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები