მსოფლიოს ახალი ავტომობილების ბაზარი ზედიზედ მერვე თვეა კლებას აჩვენებს. 2026 წლის აგვისტოში 6 857 920 მსუბუქი ავტომობილი და მსუბუქი კომერციული მანქანა გაიყიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5,9%-ით ნაკლებია. მონაცემებს „ავტოსტატი“ GlobalData-ს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
მსოფლიოს უდიდეს ავტო ბაზრად აგვისტოშიც ჩინეთი დარჩა, თუმცა იქ გაყიდვები მკვეთრად შემცირდა. ქვეყანაში 1 675 599 ავტომობილი გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში 24,5%-იანი კლებაა. მეორე ადგილზე აშშ იყო – 1 400 702 გაყიდული ავტომობილით, რაც წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 4,7%-ით ნაკლებია.
მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა სამხრეთ კორეაშიც, სადაც გაყიდვები 19,7%-ით, 109 681 ავტომობილამდე შემცირდა. აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე კლება 5,1% იყო და გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ 362 142 ერთეული შეადგინა.
ამავე პერიოდში რამდენიმე დიდმა ბაზარმა ზრდა აჩვენა. ყველაზე მაღალი შედეგი ინდოეთში დაფიქსირდა – იქ დილერებმა 511 372 ავტომობილი გაყიდეს, რაც წლიურად 34,6%-იანი ზრდაა. სამხრეთ ამერიკაში გაყიდვები 14,4%-ით გაიზარდა და 304 806 ავტომობილი შეადგინა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კი ზრდამ 5,3% შეადგინა – 820 329 ავტომობილამდე.

გაყიდვები გაიზარდა იაპონიასა და კანადაშიც. იაპონიაში 315 885 ავტომობილი გაიყიდა, რაც 5,9%-იანი ზრდაა, კანადაში კი – 168 454, წლიური ზრდით 0,1%.
მსოფლიო ავტო ბაზრის საერთო სურათი წლის პირველი რვა თვის მონაცემებითაც უარყოფითია. იანვარ-აგვისტოში მსოფლიოში 56 847 175 ახალი ავტომობილი გაიყიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,1%-ით ნაკლებია. GlobalData-ს შეფასებით, წლის პირველ რვა თვეში გაყიდვების წლიური ტემპი დაახლოებით 57 მილიონ ავტომობილს შეესაბამება და 2025 წლის დონეს ჩამორჩება.
ამასთან, ბაზრების დინამიკა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. GlobalData-ს შეფასებით, ჩინეთსა და აშშ-ში მოთხოვნაზე ზეწოლა კვლავ რჩება, მაშინ როცა ინდოეთში, სამხრეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპის ნაწილში ავტომობილების გაყიდვები ზრდას განაგრძობს.