LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის სტატისტიკა

22

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დასრულდა და სტატისტიკოსებს შედეგების შეჯამების საშუალება მიეცათ.

შესარჩევის საერთო სტატისტიკა

ჩატარებული მატჩები: 871
გატანილი გოლები: 2 456
გოლი საშუალოდ მატჩში: 2,8
ყვითელი ბარათი: 2 965
წითელი ბარათი: 148

საუკეთესო ბომბარდირები

რობერტ ლევანდოვსკი, აჰმედ ჰალილი, მოჰამად ალ-საჰლავი – 16 გოლი

შესარჩევ ტურნირს სამი ბომბარდირი ჰყავს, მაგრამ მათგან უნდა გამოვარჩიოთ რობერტ ლევანდოვსკი. მან 16 გოლი 10 მატჩში გაიტანა და გაუსწრო ტოპ-ფორვარდებს – სუარესს, რონალდოს, მესის, კავანისა და სხვებს.

16-16 გოლი ასევე გაიტანეს აზიის შესარჩევში აჰმედ ჰალილმა (საემიროები) და მოჰამად ალ-საჰლავიმ (საუდის არაბეთი), მაგრამ მათ გაცილებით მეტი მატჩი ჩაატარეს (17 და 14 შესაბამისად) და მეტოქეებიც სუსტი ჰყავდათ.

საუკეთესო ასისტენტი

ჯოშუა კიმიხი – 9 საგოლე პასი

გერმანული ფეხბურთის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე, ფილიპ ლამის მემკვიდრე, ბუნდესნაკრების მომავალი კაპიტანი. მან შესარჩევ ტურნირზე ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე და 10 მატჩში მოასწრო 2 გოლის გატანა და 9 შედეგიანი პასის შესრულება.

ყველაზე გამტანი გუნდები

ბელგია და გერმანია – 4.3 გოლი მატჩში

ეს შედეგი გასაკვირი არ არის იმ გუნდისგან, რომელსაც შეტევაში ჰყავს ლუკაკუ, მერტენსი, აზარი და დე ბრუინი. ბელგიამ და გერმანიამ 10 მატჩში 43 გოლი გაიტანეს.

ყველაზე მეტი ითამაშა

იბრაჰიმ ალმა – 19 მატჩი

სირიელ მეკარეს შესარჩევის ორ ჯგუფურ ეტაპზე და პლეი ოფში 19 მატჩი დაუგროვდა. სირია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, სამაგიეროდ, ალმა რეკორდსმენი გახდა მოედანზე გატარებული დროის მიხედვით – 1740 წუთი.

ყველაზე ხშირად ურტყამდა

კრიშტიანო რონალდო – 66

კრიშტიან0 არც ნაკრებში ღალატობდა ტრადიციას და არ ერიდებოდა ნებისმიერი სიტუაციიდან დარტყმას. პორტუგალიელს საშუალოდ მატჩში 7.4 დარტყმა დაუგროვდა, რაც ასევე შესარჩევის რეკორდია.

საუკეთესო რელიზაცია

რობერტ ლევანდოვსკი – 48.5%

პოლონელი სუპერფორვარდი დარტყმების თითქმის ნახევარი გოლად იქცეოდა. იმისთვის, რომ 10 მატჩში 16 გოლი დეგროვებინა, ლევანდოვსკის მხოლოდ 33 დარტყმა დასჭირდა.

ყველაზე მეტი პასის ავტორი

ტონი კროოსი – 121 გადაცემა მატჩში

ამ მომენტში, მსოფლიოში მოედნის ცენტრს ყველაზე კარგად, ალბათ, ტონი კროოსი აკონტროლებს. გერმანელმა 10 მატჩში 1200-ზე მეტი გადაცემა შეასრულა – საშუალოდ თამაშში 121.

ყველაზე მოკლე გზა მუნდიალამდე

ბრაზილია – 537 დღე

537 დღე დასჭირდა ბრაზილიას, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური რომ მოეპოვებინა. სანამ სამხრეთ ამერიკის შესარჩევში გუნდები ბოლო ტურამდე წვალობდნენ, ბრაზილიამ საგზურის საკითხი უკვე მარტში გაარკვია.

ყველაზე გრძელი გზა მუნდიალამდე

პერუ – 770 დღე

პერუმ და ბრაზილიამ ერთ დღეს დაიწყეს შესარჩევი, მაგრამ ინკებს 233 დღით მეტი დასჭირდათ საგზურის მოსაპოვებლად.

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება

ყატარი-ბუტანი 15:0

ყატარელთა რიგებში გაიტანა ყველამ, ვისაც არ შეეზარა, მაყურებლებს კი ბოლოსკენ მობეზრდათ გოლების აღნიშვნა.

ყველაზე მეტი გაუშვა

ბუტანი – 52 გოლი

ბუტანელებმა შესარჩევში მხოლოდ მალდივებს გაუტანეს, სამაგიეროდ, ყველა მეტოქისგან ბევრს უშვებდნენ – 0:15, 0:12, 0:7… ჯამში დაგროვდა 52 გაშვებული გოლი 8 მატჩში.

ყველაზე მეტი გაიტანეს

საუდის არაბეთი, იაპონია – 44

ფორმალურად, სწორედ ამ გუნდებმა გაიტანეს ყველაზე მეტი გოლი შესარჩევში. მაგრამ, საქმე ისაა, რომ აზიის შესარჩევი ტურნირი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ამიტომაც, იაპონიამ და საუდის არაბეთმა 18-18 მატჩი ჩაატარეს. ევროპის წარმომადგენლებმა – გერმანიამ და ბელგიამ მხოლოდ 10 მატჩში გაიტანეს 43 გოლი.

ყველაზე ცოტა გაიტანა

ლიხტენშტაინი – 1 გოლი

ლიხტენშტაინს ერთადერთი გოლი ისრაელის ნაკრების დაცვის ხაზმა აჩუქა.

ყველაზე ცოტა გაუშვა

მაროკო – 1 გოლი

მაროკოს ყველაზე საიმედო დაცვა ჰყავდა. ამ გუნდმა შესარჩევის დასკვნით ეტაპზე არც ერთხელ არ გაუშვა, სულ კი მხოლოდ ერთი გოლი მიიღო საკუთარ კარში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები