ფუნიკულიორზე ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტურნირი 28 სექტემბრამდე გასტანს და მასში მსოფლიოს 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე იასპარეზებს. მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ტოპ-15 მოჭადრაკე. ასპარეზობას განსაკუთრებულ ინტერესს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მაგნუს კარლსენის მონაწილეობა მატებს. მსოფლიო თასის გათამაშების ისტორიაში ეს მოქმედი ჩემპიონის ასპარეზობის პირველი შემთხვევაა.
ტურნირში ასევე მონაწილეობენ: მსოფლიოს ექსჩემპიონები: ვიში ანანდი (ინდოეთი), ვესლეინ ტოპალოვი (ბულგარეთი), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი), ქალთა შორის მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი და მოქმედი ჩემპიონი ტან ჟონგი (ორივე ჩინეთი).
საქართველოდან საჭადრაკო მსოფლიო თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია. წესების თანახმად ვაჟთა ტურნირში მასპინძელი ფედერაციის ნომინაციით ასპარეზობს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე.
საჭადრაკო მსოფლიო თასი იმართება Check in Georgia Sport-ის ფარგლებში. საჭადრაკო მსოფლიო თასი ერთგვარი წინამოსამზადებელი ღონისძიებაა ქვეყანაში მსოფლიო ოლიმპიადის წინ, სადაც 190 ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ოლიმპიადა 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში გაიმართება.