„ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობისთვის თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარება და საცობების აღმოფხვრა პრიორიტეტი არ არის.
„თბილისის ყველა მოქალაქეს, შეუიარაღებელი თვალითაც შეუძლია შეამჩნიოს, როგორი სატრანსპორტო მოძრაობაა ქალაქში, ყველას კარგად გვახსოვს თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები 2015 წლის განმავლობაში, შასაბამისად მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, შემცირებული ბიუჯეტის საფუძველზე, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ. ვიმეორებ – თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსისთვისაა განწირული. ჩვენს ორგანიზაციას ჯერ-ჯერობით არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია, იმის შესახებ, რა კონკრეტულ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს ამ ბიუჯეტით თბილისის მერია 2016 წელს, თუმცა თვალნათლივ ჩანს, რომ დედაქალაქის მთავრობისთვის არ არის პრიორიტეტი თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარება და საცობების აღმოფხვრა. ავტომობილის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ზრდას განაგრძობს ახალი მშენებლობები, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში. თბილისის მერიის გულგრილი დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი დედაქალაქს ჩიხში შეიყვანს“, – აცხადებს ვასო ურუშაძე.
წყარო: ალია