ნინი წიკლაური ივნისში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. იქ ორ ლაუნჯის ტიპის ქართულ-ამერიკულ რესტორანში მღერის. ბევრი ნათესავი და მეგობარი ჰყავს და თავს მარტო არ გრძნობს, თუმცა ახლახან საქართველოში დაბრუნდა. როგორც გავარკვიეთ, ფილმის გადაღებებზე.
ნინი წიკლაური:
გუშინ სამი კვირით ჩამოვედი. გადაღებები მეწყება. დღეს ვხვდები გადამღებ ჯგუფს. უამინდობამ შეუშალათ ხელი, თორემ უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. ერთ-ერთი ფილმის გაგრძელებაა, ჯერ ვერ გეტყვით დასახელებას. კარგი როლი მაქვს, სვანი გოგონასი, რომელიც თბილისიდან ჩასულ ბიჭს შეუყვარდება.
მსახიობობის გამოცდილება გაქვს?
არანაირი. პირველად დავდგები კინოკამერის წინ (იღიმის).
ამერიკაში დიდი ხნით აპირებ დარჩენას?
ვმღერი ორ ქართულ-ამერიკულ ლაუნჯის ტიპის რესტორანში. მაქვს როგორც საკუთარი რეპერტუარი, ასევე ცნობილი ქართული სიმღერებისგან შემდგარი. ამ ეტაპზე დიდი ხნით წავედი. იქ დაფუძნება ძალიან რთულია, ილუზიებს ნამდვილად არ ვიქმნი და არც კოშკებს ვაგებ. პირველ ნაბიჯებს ვდგამ, რაც არც ისე ადვილია.
იქ მყოფ ქართველებთან მეგობრობ?
ვმეგობრობ და ასევე იქ ბევრი ნათესავი მყავს, რომლებსაც ხშირად ვხვდები.



ნინო მურღულია