ნისტაგმი თვალების სპონტანური რხევითი მოძრაობაა. განასხვავებენ მის რამდენიმე სახეს: ციმციმისებურს, ბიძგისებურს და შერეულს. მიმართულების მიხედვით ჰორიზონტალურს, ვერტიკალურს, წრიულსა და დიაგონალურს. ამპლიტუდის მიხედვით კი დიდს, საშუალოს და მცირეს. რხევითი მოძრაობის სიხშირემ წუთში შესაძლოა 100-საც კი მიაღწიოს. ნისტაგმი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. შეძენილი ნისტაგმი უსუფთაო მხედველობითი აღქმით და თავბრუსხვევით მიმდინარეობს, თანდაყოლილ ნისტაგმს კი თავბრუსხვევა თან არ ახლავს. ნისტაგმს შეიძლება ჰქონდეს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი გენეზი. მისი განვითარება შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესებისა და სიმსივნური დაავადებების შედეგად ტვინის ან მისი მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებამ. გარდა ამისა, ნისტაგმი შეიძლება აღმოცენდეს ორივე თვალში ცუდი მხედველობის გამო, ოპტიკური გარემოს ანომალიის, თვალის სისხლძარღვების, ბადურა გარსისა და მხედველობის ნერვის დაზიანების შემთხვევაში.
მკურნალობის შედეგად, რომელიც გულისხმობს მხედველობის სიმახვილის გაზრდას და კუნთის ტონუსის აღდგენას, ნისტაგმის შემცირება შესაძლებელია. თანდაყოლილ ნისტაგმთან ერთად ხშირად შეინიშნება რეფრაქციისა და ფერის აღქმის მანკი, ალბინიზმი ან თანდაყოლილი კატარაქტა. ასეთ ავადმყოფთა უმრავლესობას ბადურა გარსი დაზიანებული არ აქვს. თანდაყოლილი ნისტაგმიზმის მიზეზია ტვინის ღეროს არეში თვალის მამოძრავებელი ფუნქციის მოშლა. თანდაყოლილ ნისტაგმს უმეტესად აღმოაჩენენ ბავშვის დაბადებიდან 6 კვირის შემდეგ, როცა მხედველობის ბინოკულარული ფიქსაცია უკვე ფორმირებულია. თანდაყოლილი ნისტაგმის მქონე ადამიანები პოულობენ თვალების ისეთ მდგომარეობას, როდესაც ნისტაგმი მინიმალურად არის გამოხატული, როცა არჩეული მდებარეობა არ ემთხვევა შუა ხაზს.
თავისუფალი ნისტაგმი გამოწვეულია თვალის მამოძრავებელი კუნთების დაძაბვით ფიქსაციისა და კონვერგენციის დროს. რხევის სიხშირე წამში 10-17-ია. უნდა მოხდეს დიფერენცირება მიოკლონიისგან, რომელიც ვლინდება თვალდახუჭულ მდგომარეობაშიც, მაგრამ არა კონვერგენციის დროს. მას ისტერიკულ ნისტაგმს და თვალის ტრემორსაც უწოდებენ. ზოგჯერ ამას აქვს სერიული ხასიათი და ვლინდება როგორც თვალგახელილ, ისე თვალდახუჭულ მდგომარეობაში. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ექიმს აუცილებლად უნდა მიაკითხოთ.