LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიურნბერგის საშობაო ბაზრობა ევროპაში კვლავ საუკეთესოა

131
csm_nuernberger_christkindlesmarkt_1754695_foto_florian_trykowski_a315b2cda2

ნიურნბერგის (გერმანია) საშობაო ბაზრობა კიდევ ერთხელ  მოექცა ჟურნალ Time Out-ის თემატური რეიტინგის სათავეში. ამ სიაში, რომელსაც სპეციალურად შერჩეული ექსპერტთა ჟიური ადგენს, ყოველწლიურად ხვდება ევროპის ყველაზე საინტერესო და ლამაზი საშობაო ბაზრობები.

ნიურნბერგის საშობაო ბაზრობა პირველად ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გაჩნდა და მას შემდეგ თითქმის არ შეცვლილა. ეს ბაზრობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურად ითვლება. ქალაქის მთავარ მოედანზე განთავსებულია 200 ჯიხური სადაც იყიდება ყველაფერი, რაც ევროპულ შობას უკავშირდება – ჯანჯაფილის ნამცხვრებიდან და დაშაქრული თხილეულიდან დაწყებული, ხელნაკეთი ჭურჭლითა და ტექსტილით დასრულებული. აქ ასხამენ პუნშსა და გლინტვეინს, ხოლო ბავშვებისთვის მუშაობს პატარა ეშმაკის ბორბალი ე.წ. საშობაო ატრაქციონით –  სამსაფეხურიანი ხის კონსტრუქციით ზღაპრული ფიგურებით, რომლის შემცირებული ასლიც თითქმის ყველა გერმანულ ოჯახში დგას ნაძვის ხის ქვეშ.

რეიტინგში მეორე ადგილი მანჩესტერს (დიდი ბრიტანეთი) ერგო „ახალი ხედვისთვის“, ხოლო მესამე ადგილზე პარიზი გავიდა. საფრანგეთის დედაქალაქში ადგილობრივებისა და ტურისტების საყვარელი მრავალი ბაზრობაა, თუმცა მთავარი მათგანია ტიუილრის ბაღში. ხეების ქვეშ განლაგებულია სავაჭრო პავილიონები, ატრაქციონები და მოწყობილია პატარა ყინულის მოედანიც. 

მეოთხე ადგილი ბუდაპეშტს ერგო. ვერეშმარატის მოედანზე, დუნაის პირას გამართული ბაზრობა თითქმის 300 წლის ისტორიას ითვლის. აქ არა მხოლოდ გულაშსა და შტრუდელს ყიდიან, არამედ მასშტაბურ მუსიკალურ კონცერტებსაც აწყობენ. გარდა ამისა, შენობების ფასადებზე სინათლის შოუებს აჩვენებენ.

პირველ ათეულში ასევე შევიდნენ ვილნიუსის, ტალინისა და კოპენჰაგენის საშობაო ბაზრობები. ვილნიუსი ჯერ კიდევ ერთ-ერთ ნაკლებად ცნობილ ევროპულ ქალაქად ითვლება ზამთრის დასვენებისთვის და მისი ბაზრობა ტურისტებით გადავსებული არ არის; ტალინში ქალაქის მთავარ მოედანზე საშობაო ნაძვის ხეს 1441 წლიდან დგამენ – ბევრად ადრე, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში; ხოლო კოპენჰაგენის ბაზრობა ცნობილია იმით, რომ იქ იმართება კარნავალი ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრების გმირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები