ნორვეგიაში ორმა ენთუზიასტმა მეტალოდეტექტორის დახმარებით ვიკინგების ეპოქის უდიდესი განძი აღმოაჩინა – თითქმის 3 000 ვერცხლის მონეტა. ამის შესახებ გამოცემა Ancient Origins წერს.
არტეფაქტი, რომელსაც „მერსტადის განძი“ უწოდეს, 10 აპრილს სოფელ რენას მახლობლად, ომოტის მუნიციპალიტეტში იპოვეს. სპეციალისტების შეფასებით, ეს ნორვეგიაში ვიკინგების ეპოქის ყველაზე მასშტაბური მონეტების კოლექციაა, წინა რეკორდული აღმოჩენები 2 000-მდე მონეტას მოიცავდა.
არქეოლოგების თქმით, აღმოჩენის ერთ-ერთი მთავარი უნიკალურობა ის არის, რომ მონეტების უმეტესობა უცხოური წარმოშობისაა. განძში აღმოჩნდა ინგლისური პენი, ასევე გერმანული, დანიური და ადრეული ნორვეგიული მონეტები.
განძი ორმა მოყვარულმა მაძიებელმა – ვეგარდ სერლიმ და რუნე სეტრემმა იპოვეს. თავდაპირველად მათ მიწიდან 19 მონეტის ამოღება შეძლეს, თუმცა მოგვიანებით, როდესაც საქმეში არქეოლოგები ჩაერთნენ, აღმოჩენილი ნივთების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სპეციალისტებმა მონეტები დაახლოებით 980-1040 წლებით დაათარიღეს. წინასწარი შეფასებით, განძი დაახლოებით 1047 წელს უნდა ყოფილიყო დამარხული – იმ პერიოდში, როდესაც ნორვეგია უცხოური ვალუტის გამოყენებიდან საკუთარი მონეტების ჭრაზე გადადიოდა.
ნორვეგიის ხელისუფლებამ აღმოჩენას „ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენა“ უწოდა.