მათთვის, ვინც ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე აპირებს გამგზავრებას, შეუძლია გაეცნოს, რითი შეიძლება გაერთოს რიო-დე-ჟანეიროში და როგორ აისრულოს ოცნებები სალვადორში.
რიო-დე-ჟანეირო
მართალია, რიო-დე-ჟანეიროში ჩასვლა საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ იქამდე ჩააღწიეთ, დარწმუნებული იყავით, რომ დასვენება ევროპის კურორტებთან შედარებით ბევრად იაფი დაგიჯდებათ.
რიოს გაცნობა უმჯობესია პლაჟებით დაიწყოთ, რომელთა საერთო სიგრძე 6 კმ-ზე მეტს შეადგენს, ერთ-ერთი მთავარი მათ შორის კი, კოპაკაბანაა თავისი ტალღის ორნამენტიანი ფილებით მოპირკეთებული სანაპიროთი. ოკეანესთან პირველი შეხვედრისთვის იპანემას პლაჟი აირჩიეთ, რადგან ბევრად უსაფრთხოა და ტურისტებიც ნაკლებად იყრიან თავს.
მზეზე გარუჯვის შემდეგ, ფეხით გაისეირნეთ კოპაკაბანამდე, გზად კი, Pedro do Arpoador-ს გორაკი ”დალაშქრეთ”, საიდანაც იპანემას ფანტასტიური ხედები იშლება.
წახემსებისთვის Estação Sabor-ში (Rua Nossa Senhora de Copacabana, 493) შეიარეთ, სადაც საუზმეული, ცხელი კერძი და დესერტი თავისი კოქტეილით 30 რეალი დაგიჯდებათ.
რიო-დე-ჟანეიროს ღამის ცხოვრება ისტორიულ რაიონში ლაპაშია კონცენტრირებული, საღამოობით ქუჩები აქ ერთ დიდ წვეულებას ემსგავსება, ბარებში კი, ტრადიციულ სამბას უკრავენ. მშვენიერი ვარიანტია – ბარი Rio Scenarium (Rua do Lavradio, 20) – უძველესი შენობის სამ სართულზე მოწყობილ ბარში მუსიაკასაც მოუსმენთ და ტრადიციულ ბრაზილიურ კერძებს – შემწვარ ყველს, ლობიოს წვნიანს და ფუნთუშებსაც დააგემოვნებთ.
ღირსშესანიშნაობები
ერთი დღე აუცილებლად დაუთმეთ რიოს მთავარი ღირსშესანიშნაობების – კორკოვადოს მთის და იესო ქრისტეს გიგანტური სტატუას, ასევე ”შაქრის თავად” წოდებული მთის მონახულებას. კორკოვადოზე ასვლის ყველაზე სწრაფი საშუალება ტურისტული ავტობუსია მეტროსადგურ Largo do Machado-დან, რომელიც 64 რეალი ღირს და ორივე მხარეს მგზავრობას ითვალისწინებს.
Pão de Açucar-ზე უკეთესია საღამოს გაისეირნოთ და მზის ჩასვლით დატკბეთ. რიოსთან ნაცნობობის ღირსეულად დასასრულებლად კი, ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში Marius Degustare (Avenida Atlântica, 290) ივახშმეთ, სადაც ზღვისპროდუქტების კერძებითაც ისიამოვნებთ და ღამის რიოს ხედებითაც დატკბებით.
შოპინგი რიო-დე-ჟანეიროში
ბრაზილია – შოპინგის ნამდვილი სამოთხეა, სადაც ფეხსაცმლით დაწყებული, ზაფხულის კაბებით და ტყავის ნაწარმით დასრულებული, ყველაფრის შეძენა შეიძლება.
ბრაზილიელებს ძალიან უყვართ ადგილობრივი ბრენდები, ამიტომ ქალაქის ცენტრში ვერცერთი უცხოური ბრენდის ბუტიკს ვერ ნახავთ. Avenida da Nossa Senhora de Copacabana-ზე ასობით ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიაა, იპანემაში კი, ძირითადად მდიდრული ბუტიკებია თავმოყრილი. საინტერესოა, რომ ფასები აქ ევროპასთან შედარებით ბევრად დაბალია. მაგალითად, ყველაზე ძვირი კაბა 500 რეალი, ფეხსაცმელი კი – 200 რეალი ღირს.
კვირაობით Praça General Osorio-ს მოედანზე ბაზრობა Ipanema Hippie Fair იმართება, სადღაც ადგილობრივ ოსტატებს საკუთარი ნაწარმი – სუვენირები, თეთრეული, ხელნაკეთი ფეხსაცმელი, ტყავის ჩანთები, საიუველირო ნაწარმი, მაქმანიანი კაბები და ფერწერული ტილოები გამოაქვთ. ასე რომ, მოემზადეთ, ბაზრობაზე მთელი დღის გატარებლად, რადგან აქ ასორტიმენტიც დიდია და ფასებიც ხელმისაწვდომი.
სალვადორი
აუცილებლად გამოძებნეთ დრო სალვადორში, ბრაზილიის ყოფილ დედაქალაქში სამოგზაუროდ (რიოდან გადაფრენა 350 რეალი ღირს), სადაც ქალაქის ისტორიული რაიონი – პელურინიუ თავისი კოლონიალური სტილის ნაგებობებით და ვიწრო ქუჩებით, ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალბატონებით და კაპოეირას ოსტატებით, ისტორიული ფილმის დეკორაციების ასოციაციას უფრო ქნმიან, ვიდრე თანამედროვე ქალაქისა.
პელურინიუშია ჟორჟ ამადუს მუზეუმი, აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტი ასაი, რომელიც, როგორც ამბობენ, ყველაზე გემრიელად პატარა რესტორანში XV de Novembro-ში მზადდება.
პელურინიუში დილიდან გვიან ღამემდე მარადიული დღესასწაულია, რომელსაც მუსიკალურად ბატუკადას სკოლების წარმომადგენლები აფორმებენ, კაპოეირას სკოლის მოსწავლეები კი, მსურველებს ტრადიციული ბრაზილიური ორთაბრძოლის ტექნიკას აჩვენებენ.
სალვადორიდან წამოსვლამდე არ დაგავიწყდეთ სურვილების ლენტის Lembrança da Bahia გაკეთება, რომელიც როგორც ამბობენ, ნებოსმიერ სურვილს ასრულებს.