LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს ბურთი, ოქროს ბუცი, წლის ფეხბურთელი: რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი ჯილდო – ამ სიაში ქართველიცაა

683
FORTUNA.GE (21)

პორტუგალიას 7 „ოქროს ბურთი“ აქვს. 4-ჯერ მოიპოვეს ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, რომელსაც მერე The Best უწოდეს. „ოქროს ბუცი“ პორტუგალიას 8 ცალი აქვს. ჯამში ამ ქვეყანას 19 პრიზი მოუგროვდა.

ბრაზილიას 5 „ოქროს ბურთი“ აქვს. ამას ემატება 8 ფიფას წლის ფეხბურთელობა და 3 „ოქროს ბუცი“. სულ 16 ჯილდო.

არგენტინა – 6 „ოქროს ბურთი“, ყველა პრიზი ლიონელ მესის ანგარიშზეა, რაც უნიკალური შემთხვევაა. წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო 2-ჯერ დაასახელეს. „ოქროს ბუცი“ 7-ჯერ მოუგია. სულ 15 ტროფეი.

ჰოლანდიელებმა „ოქროს ბურთი“ 7-ჯერ მოიგეს. 3-3 აქვთ იოჰან კრუიფს და მარკო ვან ბასტენს, ერთიც რუუდ გულიტს. წლის ფეხბურთელის კატეგორიაში ერთი გამარჯვებული ჰყავთ. სამაგიეროდ 4 „ოქროს ბუცი“ დააგროვეს. სულ 12 ჯილდო.

საფრანგეთი – 6 „ოქროს ბურთი“. მიშელ პლატინის სამი ცალი აქვს. ფიფას ვერსიით ფრანგები საუკეთესოდ სამჯერ დასახელდნენ (სამივეჯერ ზიდანი). „ოქროს ბუცი“ 2-ჯერ დაისაკუთრეს (ტიერი ანრის დუბლი). ჯამში 11 ტიტული.

იტალია. 5-ჯერ მოუგიათ „ოქროს ბურთი“, 2-ჯერ აიღეს ფიფას წლის ფეხბურთელობა, 3-ჯერ „ოქროს ბუცი“. ჯამი: 10 ჯილდო.

გერმანია. მისმა წარმომადგენლებმა 7-ჯერ წაიღეს შინ „ოქროს ბურთი“. ლოთარ მატეუსმა ერთხელ წლის ფეხბურთელობა, ხოლო გერდ მიულერმა 2-ჯერ „ოქროს ბუცი“ მოუტანა ქვეყანას. გერმანიასაც 10 პრიზი აქვს.

ინგლისი 5 „ოქროს ბურთით“ იწონებს თავს, ორი კევინ კიგანის ანგარიშზეა. ფიფას ფეხბურთელობა ინგლისელებზე არ გავრცელებულა, „ოქროს ბუცი“ კი ერთხელ აიღეს. სულ 6 პრიზი გამოვიდა.

ურუგვაის „ოქროს ბურთი“ და წლის ფეხბურთელობა არ აქვს, აი „ოქროს ბუცი“ კი ერთბაშად ოთხი. ორი დიეგო ფორლანს და ორიც ლუის სუარესს. სულ 4 ჯილდო.

ბულგარეთსაც 4 ჯილდო აქვს. ერთი „ოქროს ბურთი“ (ხრისტო სტოიჩკოვი-1994). და კიდევ 3 „ოქროს ბუცი“.

სსრკ. 3-ჯერ მოუგიათ საბჭოთა კავშირის ფეხბურთელებს „ოქროს ბურთი“: იაშინი, ბლოხინი, ბელანოვი (10-წლიანი ინტერვალებით).

შოტლანდიას ერთი „ოქროს ბურთი“ აქვს და 2 „ოქროს ბუცი“.

სამი ჯილდო მოუპოვებიათ ესპანელებსაც. 2 „ოქროს ბურთი“ აქვს ალფრედო დი სტეფანოს და ერთიც ლუის სუარესს 1960 წელს. ამის შემდეგ ამ ქვეყანას ერთი პრიზიც არ აუღია, რაც ცოტა გასაკვირია.

გამოირჩევა რუმინეთი. მართალია „ოქროს ბურთი“ არ არის, მაგრამ 3 „ოქროს ბუცია“. აქედან გეორგესკუ 2-ჯერ გახდა ევროპის ბომბარდირი.

 

6 ქვეყანაა, რომელსაც 2 ტიტული აქვს.

ავსტრიას, უელსს და იუგოსლავიას 2-2 „ოქროს ბუცი“ აქვთ.

სიაში მოხვდა ლიბერიაც. ჟორჟ ვეამ 1995 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო და იმავე წელს ფიფამ საუკეთესოდ დაასახელა.

ხორვატიასაც ერთი „ოქროს ბურთი“ მიუღია, 2018-ში ლუკა მოდრიჩი. მასვე მისცეს The Best.

 

15 ქვეყანას 1 ჯილდო აქვს.

ჩეხეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, დანიამ, უნგრეთმა, ჩრდ ირლანდიამ და უკრაინამ თითო „ოქროს ბურთი“ დაისაკუთრეს.

პოლონეთს აქვს ფიფას ერთი The Best.

„ოქროს ბუცი“ ერთხელ მოუგიათ სომხეთს, ბელგიას, კვიპროსს, საბერძნეთს, მექსიკას, შვედეთს, თურქეთს და… საქართველოს. აი მივადექით ჩვენთვის მთავარს.

დიახ ასეთიც მომხდარა. 1995/96 წლების სეზონში ზესტაფონის „მარგვეთში“ მოთამაშე ზვიად ენდელაძემ 40 გოლი გაიტანა და ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ენდელაძემ ეს პრიზი მომდევნო წელს თვით რონალდოს (ბრაზილიელ ფენომენს) გადაულოცა, რომელიც იმ დროს „ბარსელონაში“ იტანდა გოლებს.

მოგეხსენებათ, მოგვიანებით „ოქროს ბუცის“ გაცემის წესები შეიცვალა და ახლა თითქმის აღარ არის იმის შანსი, რომ პრიზი მცირე ქვეყნების წარმომადგენლებმა მოიპოვონ.

მეტი თვალსაჩინოებისთვის „ოქროს ბუცის“ ყველა გამარჯვებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები