ბოლო რამდენიმე წელია, ქართული შოუბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა“ იქცა, სადაც წლის საუკეთესო ქართული სიმღერა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ვლინდებიან. კონკურსის მიზანია საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის პოპულარიზაცია, მუსიკოსებისთვის სტიმულის მიცემა და შოუბიზნესის განვითარებისთვის ხელის შეწყობა.
წლის სიმღერის კონკურსი რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ 2013 წელს დააფუძნა. დროთა განმავლობაში, ნომინაციების რაოდენობა გაიზარდა, სულ გამარჯვებულები 17 კატეგორიაში დასახელდებიან.
ნომინანტთა შორის 132 სიმღერაა წარმოდგენილი. სიმღერები „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსის“, „არ დაიდარდოსა“ და „ავტორადიოს“ მუსიკალურმა რედაქტორებმა შეარჩიეს. „ოქროს ტალღის“ საიტის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეეძლება საკუთარი ხმის დაფიქსირება რომელიმე კანდიდატურის სასარგებლოდ, მხოლოდ 24 საათში ერთხელ და ხალხის რჩეულის გამოსავლენად, ხოლო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. ჟიურის წევრთა ვინაობა ცერემონიამდე მკაცრად იქნება გასაიდუმლოებული.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორის მოხვდა ის სიმღერები, რომელთა პრემიერები 2017 წლის განმავლობაში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რომელიმე რადიოსადგურის ეთერში შედგა.
წინა წლის მთავარი გამარჯვებული გახდა სტეფანე მღებრიშვილი, რომელსაც წლის საუკეთესო სიმღერისთვის „დამიბრუნდი“, გადაეცა ქანდაკება „ოქროს ტალღის“ ლოგოტიპით და პრიზი 5000 ლარის ოდენობით.
„ოქროს ტალღის“ საიტზე http://fortuna.ge/oqrostalga/ უკვე განთავსებულია 125-ვე ნომინანტი. შეგიძლიათ, ეწვიოთ საიტს და ხმა მისცეთ სასურველ სიმღერას ინტერნეტმომხმარებლის რჩეულის გამოსავლენად.