„ოქროს ტალღისთვის“ მზადება დაიწყო!..

53

მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი „ოქროს ტალღა“ ივნისის ბოლოს გაიმართება. სამზადისი უკვე დაწყებულია.

წლის სიმღერის კონკურსი რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ 2013 წელს დააფუძნა. წელს ნომინაციების რაოდენობა გაიზარდა, სულ გამარჯვებულები 17 კატეგორიაში დასახელდებიან, ნომინანტთა შორის კი 74 სიმღერაა წარმოდგენილი. სიმღერები „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსის“, „არ დაიდარდოსა“ და „ავტორადიოს“ მუსიკალურმა რედაქტორებმა შეარჩიეს. „ოქროს ტალღის“ საიტის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეეძლება საკუთარი ხმის დაფიქსირება რომელიმე კანდიდატურის სასარგებლოდ და ხალხის რჩეულის გამოსავლენად, ხოლო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ოთხივე რადიოსადგურის ეთერში 25 მაისიდან, ყოველ ოთხშაბათს, საშუალება გექნებათ, მოუსმინოთ და უფრო ახლოს გაიცნოთ კონკურსანტები. პირველი ივნისიდან კი „არ დაიდარდოს“ დილის ეთერში „ოქროს ტალღის დღიურები“ გავა.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორის მოხვდა ის სიმღერები, რომელთა პრემიერები 2015 წლის განმავლობაში რადიოჰოლდინგის რომელიმე რადიოსადგურის ეთერში შედგა.

წინა წლის მთავარი გამარჯვებული გახდა ანრი ჯოხაძე, რომელსაც წლის საუკეთესო სიმღერისთვის, „განა ყველა ქალი ქალია?!“ გადაეცა ქანდაკება „ოქროს ტალღის“ ლოგოტიპით და  პრიზი 5000 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ წლევანდელ ჟიურიში ის ერთ-ერთ ადგილს დაიკავებს. ჟიურის სხვა წევრების ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები