ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მას ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს. ოსტეოპოროზის დროული გამოვლენა და მკურნალობა შესაძლებელია, რაც მოტეხილობის თავიდან აცილების საწინდარია. თუმცა, ოსტეოპოროზი ხშირად მოტეხილობის განვითარების შემდეგ ვლინდება. მისი სიმპტომებია: აღნაგობის ცვლილება: სიმაღლის კლება, ხერხემლის გამრუდება და სიარულის მანერის შეცვლა; წელის ტკივილი; ზურგის ტკივილი, ადვილად დაღლა და ყრუ ტკივილები ზურგის არეში, სახსრების ტკივილი. ოსტეოპოროზი ხასიათდება ძვლის მასის შემცირებით, რაც ძვლის სისუსტეს განაპირობებს. მდგომარეობის გამო იზრდება მოტეხილობის რისკი, მცირედი დატვირთვის შედეგადაც კი.
ოსტეოპოროზი ძირითადად გავრცელებულია ქალებში, პოსტმენოპაუზური პერიოდის შემდეგ, როდესაც ორგანიზმში ესტროგენების რაოდენობა მცირდება. ამ დროს ძვალში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში ხდება დისბალანსი, უფრო დიდი რაოდენობით ძვლოვანი ქსოვილი შთაინთქმება, ვიდრე წარმოიქმნება, რის შედეგადაც ძვალი ხდება უფრო სუსტი. ოსტეოპოროზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: თამბაქო; კვების რაციონში კალციუმით მდიდარი საკვების დეფიციტი; D ვიტამინის დეფიციტი; ალკოჰოლის სისტემატური მიღება; ხანგრძლივი დროის მანძილზე დაბალი ფიზიკური აქტივობა, უმოძრაობა. ასაკი 65 წელზე მეტი; მდედრობითი სქესი; ევროპული რასა; წარსულში მოტეხილობა; დაბალი ძვლოვანი მინერალური სიმკვრივე; გენეტიკური მიდრეკილება; კრეატინინის კლირენსის დაქვეითება.
ოსტეოპოროზის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად მიჩნეულია დენსიტომეტრია, რომლის საშუალებითაც ხდება მოტეხილობის რისკის შეფასება. ოსტეოპოროზის მკურნალობა მიმართულია მოტეხილობების თავიდან აცილებისა და ძვლის გაძლიერებისკენ. გადაწყვეტილება მკურნალობის ტიპის შესახებ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია მოტეხილობების რისკი. ოსტეოპოროზის მკურნალობის დაგეგვმა სხვადასვა ფაქტორებზეა დამოკიდებული: ასაკი, ძვლის სიმკვრივე, მოტეხილობის რისკ–ფაქტორები. ოსტეოპოროზის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, რისკის შესამცირებლად უნდა დაკავდნენ შემდეგით: რეგულარული ვარჯიში, ჯანსაღი კვება, ნიკოტინისა და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღების შეწყვეტა.