ოთო ნემსაძე: ,,ძალიან მომწონს კონკურსი, ეს ერთადერთი სტიმულია ქართველი მუსიკოსებისთვის“

41

”ოქროს ტალღის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხალხის რჩეულის გამოსავლენად ბრძოლა გრძელდება. პირველი ათეულის შემადგენლობა დღის მანძილზე მუდმივად იცვლება. კონკუსრი აქტიურ ფაზაში შედის. დღეის მდგომარეობით ოთო ნემსაძე მესამე პოზიციას იკავებს. ”ოქროს ტალღის დღიურების” ფარგლებში სწორედ მას დავუკავშირდით.

რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ჟიურის შეფასება, თუ გამოკითხვა ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე და გამარჯვება ნომინაციაში ”ხალხის რჩეული”?

სიმართლე გითხრათ, პირველ ადგილზე ჩემთვის ხალხია, ჩემი სცენაზე გამოჩენა სწორედ მათ უკავშირდება. ვგრძნობ ხალხის მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე და მათი აზრი ყოველთვის მაინტერესებს.

ხალხთან მიმართებაში კონკრეტულ მუსიკოსებს პრეტენზიები აქვთ…

სამი დიდი კონკურსი მაქვს ამ ქვეყანაში მოგებული და როგორ შეიძლება რაიმე პრეტენზია მქონდეს. დიდი მადლობა ყველას და ასეთ მხარდაჭერას ოთო ნემსაძე არასოდეს დაივიწყებს. რა თქმა უნდა, ჟიურის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მომწონს კონკურსი, დაჯილდოება, ეს ერთადერთი სტიმულია ქართველი მუსიკოსებისთვის. მინდა რომ ქართული მუსიკა იყოს დაფასებული და მადლობა თქვენ ამისთვის. წელს დაჯილდოებაზე 75 სიმღერაა წარდგენილი და გპირდებით, მომავალ წელს პლიუს 12 სიმღერა ჩემი იქნება. ოთო ნემსაძეს არაფრის ეშინია და ფარხმალს არასოდეს ყრის, შევხვდებით დაჯილდოებაზე.

რა უნდა გააკეთოს შემსრულებელმა იმისათვის, რომ რეიტინგში ლიდერი იყოს?

ვერაფერს ვიტყვი. ჩემი გათვლა ხალხის სიყვარულია და ეს ერთადერთია, რაც საქართველოში მაჩერებს. ძალიან მინდა, ამ ქვეყანაში ამ ალბომმა რაიმე ჯილდო დაიმსახუროს. თითოეულ ნოტზე გვაქვს ტვინი დასხმული და სისხლი დაღვრილი. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩაწერა დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა და მასში არა მხოლოდ მე, არამედ ჩემმა მეგობრებმაც უდიდესი შრომა ჩავდეთ. ოთარ რამიშვილის გენიალური მუსიკაა შესული და ვეცადეთ, მინიმალური კომერციული გავლენით გაგვეკეთებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვინდოდა, ყოფილიყო ჟანრობრივად მრავალფეროვანი ალბომი, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კიდეც. მასზე ზვიად ბოლქვაძემ იმუშავა და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანთან თანამშრომლობის საშუალება მომეცა. ალბომი „ბრავო რეკორდსშია“ ჩაწერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები