პანჩო: „როცა ახალ სიმღერას ვწერ, იმ მომენტში ყველაზე კარგი ისაა…“

131

პანჩო „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „სიყვარული გვაკლია“ არის წარდგენილი. ამ სიმღერას თავისი საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც მომღერალმა გაგვიზიარა.

პანჩო:

რასაკვირველია, ყველა კონკურსი კარგია, იმიტომ, რომ ახალგაზრდები იზრდებიან, ვითარდებიან, წარმატებულია თუ წარუმატებელი, კონკურსში მონაწილეობა კარგია, გამოცდილება და გავლილი გზაა. ძალიან მომწონს, ქართული სიმღერის კონკურსი რომ ტარდება.

ქართულ სიმღერაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას…

მეც ამაზე ვაჩერებ ჩემს ყურადღებას, რადგან საშინლად არ მომწონს, რომ ყველა ინგლისურად მღერის, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ. თუკი ინგლისურს მღერიან, თავისი მაინც დაწერონ და შეასრულონ ინგლისურად. ეს კოპირება ძალიან არ მომწონს, აფუჭებს მომღერალს.

თუმცა ბოლო დროს ქართული სიმღერა ისევ პოპულარულია…

მეც ვატყობ ამ ტენდენციას. გადაცემაც არის, „მხოლოდ ქართული“ და რასაკვირველია, ძალიან მომწონს. ყველა ის მომღერალი, ვინც ინგლისურენოვანს მღერის, მაინც ნოლია. შეიძლება, ერთი სიმღერა შეასრულოს, თავისებურად გააკეთოს, მაგრამ სულ სხვისი სიმღერების შესრულება არ მომწონს.

„ოქროს ტალღაზე“ წარდგენილ თქვენს სიმღერაზეც მოგვიყევით…

წლების წინ, ტარდებოდა სიმღერების კონკურსი „პატრინოტი“. დავწერე სიმღერა, მაგრამ კონკურსზე არ მიმიღეს. ამაზე გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მივედი თეატრში, სადაც კონკურსი ტარდებოდა, ჯგუფთან ერთად და ვუთხარი, სტუმარი ვარ და მამღერეთ-მეთქი. უარი ვეღარ მითხრეს. მაშინ დაიბადა ეს სიმღერა, „სიყვარული გვაკლია“.

ყველა ჩემი სიმღერა ერთნაირად მიყვარს, „ცაში ახედე“ იქნება თუ სხვა. ყველა მათგანი რაღაცას უკავშირდება, ან ვიღაცას ეძღვნება, ან რაღაც სიტუაციას ასახავს, ჩემი ცხოვრების პატარ-პატარა მონაკვეთებს. როცა ახალ სიმღერას ვწერ, იმ მომენტში ყველაზე კარგი ისაა. მიხარია, რომ ჩემი სიმღერა „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი.

თქვენს შემოქმედებაში საყვარელი სიმღერა გაქვთ?

ვერ გამოვყოფ. მე უკვე „ცაში ახედეს“ შესრულება მიჭირს. მომწონს, როცა სხვები ასრულებენ. ინტერნეტში ვნახე, უცხოელების შესრულებული და ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი მღერის, მთავარია, სწორად შეარჩიოს სიმღერა.

დღეს ვის ეძღვნება თქვენი სიმღერები?

ყველას… მთელ საქართველოს (იღიმის). ჩემი აზრით, ძალიან მოგვაკლდა სიყვარული და ღიმილი. როცა უცხოელები ჩამოდიან, ამბობენ, სახეებზე გაწერიათ ყველაფერიო. დღეში ერთხელ მაინც რომ გავუღიმოთ ერთმანეთს, ძალიან კარგი იქნება…

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები