იურიდიულმა კომიტეტმა პარტია ”მემარცხენე ალიანსის” ინიციატივა განიხილა, რომელიც ”სითი პარკის” უფლებამოსილების შეჩერებას გულისხმობს. პარტიის მიერ, საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ინიციატივა ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდერქსში” ცვლილების შეტანას საჭიროებს. პარტიის ლიდერის კახა ძაგანიას თქმით, მომავალ კვირას საკომიტეტო მოსმენების დასრულების გამო, კომიტეტმა აღნიშნული ინიციატივის განხილვა არ ისურვა.
როგორც ძაგანიამ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, მოქმედ დეპუტატებს აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის პოლიტიკური ნება არ გააჩნია.
”კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, რომ დროის უქონლობის გამო აღნიშნული საკითხი ვერ განიხილება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ და სხვა დეპუტატებს პოლიტიკური ნება არ გააჩნით აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. ყველამ კარგად იცის, კომპანია ”სითი პარკი” როგორ და ვისი ლობირებით არსებობს ჩვენს დედაქალაქში. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ არჩევნებს და გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად მოვაგვარებთ აღნიშნულ პრობლემას, რომელიც ”სითი პარკს” უკავშირდება”, – განაცხადა კახა ძაგანიამ.