რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ნოდარ რევიას და თემურ თათარაშვილის დუეტის „დროა“ პრემიერა შედგა.
ნოდარ, რა პრინციპით არჩევთ ქართულ რეპერტუარს?
როცა სიმღერებს ვარჩევ, პირველ რიგში, ვაკეთებ ისე, როგორც გული მიკარნახებს, რადგან რაც არის გულით და სულით გაკეთებული, ის არის ნაღდი, ის არის მართალი. გულს უნდა მივმართოთ და გული ყველაფერ კარგს გვაჩვენებს.
პირადად თქვენთვის შექმნილი სიმღერები თუ გაქვთ რეპერტუარში?
დიახ, მაგალითად, ეს ახალი სიმღერა, „დროა“ ჩემმა ძალიან კარგმა მეგობარმა და მომღერალმა, ეკა თარგამაძემ დამიწერა. მას მე თვითონ მივმართე, ავუხსენი, რა სიმღერა მინდოდა, რაზე მინდოდა, რომ მემღერა.
ამას წინათ, გამოვიდა ჩემი ქართული ალბომი. იქ არის რამდენიმე ჩემი დაწერილი სიმღერა. მე თვითონ ვწერ ხოლმე მუსიკას, როცა მოდის ჩემთან მუზა და აზრი, რადგან მენატრება საქართველო, მიყვარს საქართველო, მიყვარს ის მოგონებები, რომლებიც პატარაობიდან დარჩა, ეს ყველაფერი ჩემს გულში არის.
რამდენი წელი ცხოვრობდით საქართველოში?
საქართველოში სულ 6 წელი ვცხოვრობდი. ახლა, ხშირად ჩამოვდივარ, მაგალითად, სექტემბერში 3-ჯერ ვიყავი, სამი გამოსვლა მქონდა თბილისში. შევუვლი ხოლმე დედაჩემს, ბებოს… დიდი სიამოვნებით ჩამოვდივარ თბილისში.
როგორია იყო ქართველი, მღეროდე ქართულად, მაგრამ არ მოღვაწეობდე საქართველოში, რა განცდაა?
ეს არის პასუხისმგებლობა, რადგან სხვა ქვეყანაში რომ ხარ და წარმოადგენ შენს პატარა და ძალიან მდიდარ ქვეყანას, ისე უნდა მოიქცე, ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, რომ შენმა ხალხმა იამაყოს. ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ ვასახელო საქართველო.
როგორ დაიწყო თქვენი და თემურ თათარაშვილის თანამშრომლობა, როგორ შეიქმნა თქვენი ახალი დუეტი, „დროა“?
პატარაობიდან, როცა თბილისში ვცხოვრობდი, თემურ თათარაშვილს ვუსმენდი, ძალიან მომწონდა მისი სიმღერები. პატარაობიდან დამრჩა სურვილი და ოცნება, რომ თემურ თათარაშვილთან დუეტი მინდოდა. როცა სიმღერას „დროა“ მოვუსმინე, ვიფიქრე, რომ თემურ თათარაშვილის ტემბრი ძალიან მოუხდებოდა და შევეხმიანე, გავუგზავნე სიმღერა და ვუთხარი, მინდა, ჩემი ოცნება ავიხდინო და ეს სიმღერა საქართველოში ჩემი და თქვენი ხმით გაიგონ-მეთქი. თემური ეგრევე დათანხმდა. ძალიან კარგი სიმღერა გამოვიდა, მე ასე მჯერა და ასე მგონია. სიმღერა ეკა თარგამაძემ დაწერა, მისია ტექსტიც და მუსიკაც. სიმღერა ჩემს სტუდიაში დამზადდა.
ნოდარ რევია & თემურ თათარაშვილი – დროა
გადაცემის ჩანაწერი