LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეპტიკური წყლული

101
პეპტიკური წყლული

პეპტიკური წყლული მრგვალი ან ოვალური ფორმის იარაა, რომელიც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე კუჭის წვენის ან საჭმლის მომნელებელი წვენების ზემოქმედებით წარმოიშობა. პეპტიკური წყლული შეიძლება განვითარდეს ჰელიკობაქტერიით ინფიცირების შედეგად ან იმ პრეპარატების მიღების შემდეგ, რომლებიც ასუსტებენ კუჭის და თორმეტგოჯას ლორწოვანს. ანტაციდები და სხვა წამლები ინიშნება კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებლად, ხოლო ანტიბიოტიკები – ჰელიკობაქტერიის ელიმინაციისთვის. წყლული ვითარდება კუჭის ან თორმეტგოჯას ამომფენი გარსის ნორმალური დაცვითი და აღდგენითი მექანიზმების შესუსტებისას, რის გამოც ის უფრო ადვილად ზიანდება კუჭის წვენით. პეპტიკური წყლულის გართულებებს, როგორიცაა სისხლდენა ან გასკდომა, თან ახლავს სისხლის წნევის დაქვეითებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები – თავბრუსხვევა და გულის წასვლა.

მწეველებს უფრო ხშირად უვითარდებათ და უფრო ნელა უხორცდებათ პეპტიკური წყლული, ვიდრე არამწეველებს. პეპტიკური წყლულის იშვიათი მიზეზია ისეთი სიმსივნე, რომელიც იწვევს კუჭის მჟავას ჭარბ პროდუქციას. სიმსივნური და არასიმსივნური წარმოშობის წყლულის სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია, თუმცა სიმსივნური წყლული არ რეაგირებს არასიმსივნურ წყლულის სამკურნალოდ რეკომენდებულ მკურნალობაზე. ტიპური წყლული მიდრეკილია შეხორცებისა და ხელახალი განვითარებისკენ. ამდენად, ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს დღეების ან კვირების განმავლობაში, შემდგომ შემცირდეს ან გაქრეს.

ტკივილი მუდმივია, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის, ლოკალიზებულია უშუალოდ მკერდის ძვლის ქვემოთ. თორმეტგოჯას წყლულის დროს ტკივილი გაღვიძებისას ხშირად არ არის გამოხატული, იწყება მოგვიანებით. ხშირია ტკივილი, რომელიც ღამე აღვიძებს ადამიანს. ზოგჯერ ტკივილი ერთი ან რამდენიმე კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ან მეტჯერ არის გამოხატული, შემდეგ კი მკურნალობის გარეშე ქრება. დაავადების პირველი ორი წლის განმავლობაში ტკივილი უფრო ხშირია, მოგვიანებით კი არარეგულარულად იჩენს ხოლმე თავს. გამოცდილი პაციენტები ხვდებიან, როდისაა მოსალოდნელი ავადმყოფობის რეციდივი. კუჭის წყლული ზოგჯერ იწვევს ქსოვილების შეშუპებას, რომელიც წვრილ ნაწლავშიც ვრცელდება და შეიძლება ხელი შეუშალოს კუჭიდან საკვების გადასვლას. ასეთი დაბრკოლება ხანდახან იწვევს შებერილობას, გულისრევას ან ღებინებას საკვების მიღების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები