მუსიკალური კონკურსი, რომელიც რადიოჰოლდინგმა „ფორტუნა“ დააფუძნა, უკვე მესამედ ტარდება. 2014 წელს გამარჯვებული გახდა სიმღერა „Waterfall“, ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის შესრულებით, 2015 წელს კი ანრი ჯოხაძე სიმღერით – „განა, ყველა ქალი ქალია“.
როგორც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ სადრაძემ „პრაიმ-ტაიმში“ გამართულ პრესკონფენერენციაზე განაცხადა, რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წლის სიმღერის კონკურსი იმისთვის დააფუძნა, რომ ხელი შეუწყოს ქართული სიმღერის პოპულარიზაციას, დააფასოს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ადამიანების შრომა და წარმოაჩინოს ახალგაზრდა მუსიკოსები. მისივე თქმით, წლის სიმღერის, ასევე სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური შეარჩევს, ხალხის რჩეული ინტერნეტ-გამოკითხვით დასახელდება, რადიოსადგურებს საკუთარი რჩეულები ეყოლებათ. წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს რადიოჰოლდინგი ფულადი პრიზით, 5000 ლარით დააჯილდოებს.
„23 ივნისს, „ოტიუმში“ ქართული შოუბიზნესის უამრავ წარმომადგენელს ვუმასპინძლებთ. ამ დაჯილდოებით მუსიკალურად შევაჯამებთ განვლილ, 2015 წელს და ვფიქრობთ, რომ სტიმულსაც მივცემთ შოუბიზნესის წევრებს, მეტი ახალი ქართული სიმღერა შექმნან, რომლებსაც რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით დავუთმობთ ჩვენი ჰოლდინგის რადიოსადგურების ეთერს“, -განაცხადა თათა სადრაძემ. სრულად