ორგანიზაცია „მენსამ“, რომელსაც ხშირად პლანეტის ყველაზე ჭკვიანი ადამიანების კლუბს უწოდებენ, თავის რიგებში ორი წლის ბრიტანელი მიიღო. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.
„მენსას“ არსებობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა წევრი ჯოზეფ ჰარის-ბირტილი გახდა; ბიჭუნა მიღების მომენტში მხოლოდ 2 წლის და 182 დღის იყო. საინტერესოა, რომ კლუბის წევრობისთვის IQ-ს მაჩვენებელი მინიმუმ 132 ქულა უნდა იყოს.
რაც შეეხება პატარა გენიოსს, ის შოტლანდიაში მასწავლებელთა ოჯახში დაიბადა.
დედამისის, როუზ ჰარის-ბირტილის თქმით, ბიჭუნამ პირველი სიტყვა 8 თვის ასაკში თქვა. ახლა კი თავისუფლად კითხულობს, ითვლის ათამდე- ხუთ ენაზე, ხოლო ინგლისურად – ასამდე. „ის მორზეს ანბანს სწავლობს, იცის ბერძნული ანბანი და ამჟამად მენდელეევის პერიოდული სისტემითაა დაინტერესებული“, – განაცხადა დედამ.
ბიჭის მშობლებმა „მენსას“ მას შემდეგ მიმართეს, რაც ბიჭუნამ თავისუფლად კითხვა დაიწყო. ორგანიზაცია თავის მხრივ, გამორჩეულად ნიჭიერ ბავშვებს სპეციალურ საგანმანათლებლო და განსავითარებელ პროგრამებს სთავაზობს.