რა გვატკივებს ტერფს? ფეხზე დიდხანს დგომა, დიდხანს სიარული, მოუხერხებელი მოძრაობა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი, გადატვირთვა ვარჯიშის დროს… ჩამოთვლილი მიზეზებით გამოწვეული ტკივილი დასვენების შემდეგ გაივლის.
პლანტარული ფასციიტი ანუ ტერფის ფასციიტი, ტერფის ფასციის – ტერფის ქვედა ზედაპირზე არსებული მკვრივი ქსოვილის – ანთებაა. ქუსლის დეზი ქუსლის ქვედა ნაწილზე არსებული წვეტიანი წანაზარდია, რომელიც ფორმით დეზს ჰგავს. მისი სიგრძე ზოგჯერ სანტიმეტრსაც აღემატება. შეუიარაღებელი თვალით დეზს ვერ დავინახავთ, მაგრამ რენტგენოგრაფიული კვლევისას ის კარგად ჩანს. ზოგჯერ უმტკივნეულოა, ზოგჯერ კი ძლიერ, შემაწუხებელ ტკივილს იწვევს. მისი პირველადი მკურნალობა გულისხმობს ინდივიდუალური ორთოპედიული სუპინატორების გამოყენებას, სპეციალური ვარჯიშების შესრულებას და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას.
ქუსლის დეზი გროვაა კალციუმის მარილებისა, რომლებიც თვეობით, წლობით ლაგდება ქუსლის ძვლის ქვედა ზედაპირზე. ქუსლის დეზი ხშირად აქვთ იმ სპორტსმენებს, რომელთა პროფესიული საქმიანობა ბევრ სირბილს და ხტუნვას მოითხოვს. ქუსლის დეზის განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება: არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, სირბილი და ძუნძული, არასწორად შერჩეული და ცუდად მორგებული ფეხსაცმელი; ჭარბი წონა და სიმსუქნე. ქუსლის დეზი, ტერფის გაბმულ, ქრონიკულ ტკივილს იწვევს. ტკივილის მიზეზი დეზის წვერის ანთება და მის ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილების მუდმივი ტრავმირებაა. ქუსლის დეზით გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა: გაჭიმვითი ვარჯიშები; სწორად შერჩეული ფეხსაცმელი; სპეციალური ბანდაჟით ან სახვევით დაფიქსირება, სპეციალური ორთოპედიული სუპინატორების გამოყენება; ფიზიოთერაპია. ანთებითი პროცესის ჩასაქრობად ზოგჯერ კეთდება სტეროიდების ინექციაც.
პლანტარული ფასციიტი და ქუსლის დეზი ქალებთან უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან. ამავე დროს, ასაკთან ერთად მისი განვითარების ალბათობა იმატებს, რადგან ფასცია ნელ-ნელა კარგავს ელასტიკურობას. ჭარბი წონა და დიდხანს დგომა დაავადების რისკს ზრდის. რისკფაქტორებს ასევე მიეკუთვნება: თხელძირიანი და უფორმო ფეხსაცმელი; მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ხშირი ტარება; ბრტყელი ტერფი ან ტერფის მეტისმეტად მაღალი თაღი; არასწორი სიარული და ტერფის არასწორად დაბიჯება; გრძელ დისტანციაზე სირბილი, ბალეტი და სხვა.