პოლანდის სინდრომი არის თანდაყოლილი დეფექტი, რომელიც ხასიათდება განუვითარებელი გულმკერდის კუნთით და მოკლე თითებით სხეულის ერთ მხარეს. შეიძლება ასევე იყოს მოკლე ნეკნები, ნაკლები ცხიმი, მკერდისა და ძუძუს დვრილის დარღვევები სხეულის იმავე მხარეს. ეს პათოლოგია მსოფლიოში 30 000-დან ერთ ადამიანს აქვს. ორმხრივი დაზიანება ძალიან იშვიათია, ასეთი შემთხვევების სულ 1% გვხვდება. პოლანდის სინდრომისთვის დამახასიათებელი გულმკერდის ასიმეტრია. მკერდის კუნთი გულმკერდის კედლის ზედა ნაწილზე მდებარეობს და გარდა იმისა, რომ ზედა კიდურს ამოძრავებს, სუნთქვის დროს გულმკერდის გაფართოებასაც უწყობს ხელს. სწორედ ამ კუნთზეა მოთავსებული სარძევე ჯირკვალი, რომელიც პოლანდის სინდრომის მქონე პაციენტთა უმრავლესობას ნაკლებად ან საერთოდ არ აქვს განვითარებული.

პოლანდის სინდრომის მკურნალობის ძირითადი მიზანი ვიზუალური დეფექტით გამოწვეული ასიმეტრიის რეკონსტრუქცია და კორექციაა. ქირურგიული ჩარევის დრო და მეთოდი სამი ძირითადი პარამეტრით განისაზღვრება: ძუძუს განვითარების დონე, ზედა კიდურის დაზიანებისა და გულმკერდის კედლის დეფორმაციის ხარისხი. მართალია, აღნიშნული სინდრომი სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიზუალური დეფექტით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ქირურგიული ჩარევა უმთავრესად მკერდის რეკონსტრუქციისთვის ტარდება.
რაც შეეხება ზედა კიდურის განვითარების მანკებს, სინდაქტილიის კორექცია, ჩვეულებრივ, 12-24 თვემდე ასაკში უნდა დაიწყოს. მნიშვნელოვანია მშობლის ინფორმირება იმის შესახებ, რომ სასურველი ვიზუალური ეფექტის მისაღებად პაციენტს ზრდის პარალელურად შესაძლოა რამდენჯერმე დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა. მოკლე ან განუვითარებელი ფალანგების ქირურგიულ კორექციას ექიმები ერიდებიან, რადგან მრავლობით ჩარევას მოითხოვს და საბოლოო ჯამში არცთუ სასურველი შედეგი მოაქვს.