საკვერცხეების პოლიკისტოზს შტეინ-ლევენტალის სინდრომი ეწოდება. დაავადების სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირად ჭარბთმიანობა გვხვდება. დაავადებულთა დაახლოებით 40%-ს ჭარბი წონა აღენიშნება, 40-50%-ს კი – ციკლის დარღვევა და უშვილობა. შტეინ-ლევენტალის სინდრომის დროს ექიმი ისმენს პაციენტის ჩივილს, სინჯავს. თუ სიმპტომების ანალიზი ამ პათოლოგიის არსებობაში დააეჭვებს, პაციენტს ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევა დაენიშნება. მათი მეშვეობით განისაზღვრება, როგორია საკვერცხეების დაზიანების დონე, რამდენად არის გამოხატული სინდრომი, აღინიშნება თუ არა ანდროგენიზაცია, ნამდვილად შტეინ-ლევენტალის სინდრომთან გვაქვს საქმე თუ სხვა მსგავს პათოლოგიასთან, ხოლო მეორეული შტეინ-ლევენტალის სინდრომის შემთხვევაში დგინდება მისი პირველადი მიზეზი, რაც შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვალთან დაკავშირებული დარღვევები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია და საკვერცხის სიმსივნეები.
ექოსკოპია გვაჩვენებს საკვერცხეების სტრუქტურას, საშვილოსნოს მდგომარეობას და ა.შ. ამ დროს აღინიშნება მრავალი პატარა კისტა, რომელთა დიამეტრი ერთ სანტიმეტრს არ აღემატება; ზოგ შემთხვევაში კისტა მასში წარმოქმნილი უჯრედების არაკონტროლირებადი ზრდის შედეგია, ამიტომ მომდევნო საკითხი წარმონაქმნის ბუნების დადგენაა – უნდა გაირკვეს, არის თუ არა იგი პოტენციურად ავთვისებიანი. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, აწუხებს თუ არა იგი პაციენტს, მისი დატოვება, რაღა თქმა უნდა, დაუშვებელია.
პოლიკისტოზის მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. დიეტოლოგია დიდ შანსს აძლევს პაციენტს, ციკლიც მოუწესრიგდეს და შვილოსნობის უნარიც დაუბრუნდეს. დიეტა მიმართულია წონის კლებისკენ. პროგრამა-მინიმუმი სხეულის მასის 15%-ის მოცილებაა. ლაპაროსკოპიამ მედიცინის მრავალ დარგში დაიმკვიდრა ადგილი.ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას, პაციენტს ბევრად უფრო იოლად გადავატანინოთ ქირურგიული ჩარევა, ვიდრე ეს ლაპაროტომიით ხერხდებოდა.