პოლინოზი, როგორც ყველა ალერგიული დაავადება, უვითარდება გენეტიკურად წინასწარ განწყობილ პირებს. გვხვდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში და გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. პოლინოზი ალერგიული დაავადებაა, რომელიც ვითარდება ყვავილის მტვრის მიმართ ალერგიულ პირებში და მწვავდება კონკრეტული მცენარის ყვავილობის პერიოდში. ყვავილის მტვერი უმცირესი ზომის ცილოვანი ნაწილაკებისგან შედგება. პოლინოზის განვითარებაში საყურადღებოა ის მცენარეები, რომელთა დამტვერვაც ხდება ქარით.
საქართველოში მცენარეთა ყვავილობის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია – იწყება იანვრის ბოლოდან და გრძელდება ნოემბრის შუა რიცხვებამდე. ამიტომ მნიშვნელოვანია, პაციენტმა ზუსტად იცოდეს, კონკრეტულად რომელი სახეობის ყვავილის მტვერზეა ალერგიული, რომ აღნიშნული მცენარის ყვავილობას შეხვდეს მომზადებული, დროულად დაიწყოს მკურნალობა ალერგოლოგის დანიშნულებით, რაც მოუხსნის ჩივილებს, თავიდან აგვაცილებს სერიოზულ გართულებებს და შეამცირებს ბრონქული ასთმის განვითარების რისკს. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი მცენარის ყვავილის მტვერს აქვს ჯვარედინი რეაქცია საკვებთან, ამიტომ თითოეული პაციენტისთვის უნდა შეირჩეს სპეციალური დიეტა. ასევე არსებობს შემთხვევები, როცა საჭირო ხდება იმუნოთერაპიის ჩატარებაც, რისი საშუალებითაც დაავადებულთა დიდი ნაწილის განკურნებაა შესაძლებელი.
უშუალოდ ყვავილობის პერიოდში სასურველია პაციენტმა გაითვალისწინოს შემდეგი: მოერიდოს ბუნებაში გასვლას იმ დროს, როცა მაღალია ყვავილის მტვრის კონცენტრაცია ჰაერში, განსაკუთრებით მშრალ, მზიან და ქარიან ამინდში. ხშირად გამოირეცხოს ცხვირის ღრუ ფიზიოლოგიური ხსნარით. ქუჩაში გასვლისას გაიკეთოს მზის სათვალე და სამედიცინო ნიღაბი. ქალაქგარეთ მგზავრობისას მანქანის ფანჯრები დახუროს ბოლომდე. სახლში მისვლისთანავე მიიღოს შხაპი და გამოიცვალოს ტანსაცმელი. მოერიდოს თაფლს და ზოგიერთ საკვებს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ჯვარედინი რეაქცია ყვავილის მტვერთან. არ გამოიყენოს მცენარეულ ნედლეულზე დამზადებული კოსმეტიკა და მედიკამენტები.