პოლონეთში გაუშვეს რეკლამა, რომელიც ადამიანებს შობა-ახალ წელს ჩხუბისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. სოციალურ ვიდეო-რგოლს, სასარგებლო რჩევებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მატარებლებში აჩვენებენ.
რეკლამაში დღესასწაულის დროს ოჯახს კარზე უკაკუნებს მამაკაცი, რომელიც უსიტყვო დიალოგს იწყებს ქალთან, რომელიც უხერხული საუბრების ეპიცენტრში აღმოჩნდა. უცნობი ქალს აჩვენებს ბარათებს ირონიული კითხვებით იმის შესახებ, თუ როგორ მიდის საახალწლო სუფრა და კითხეს თუ არა მას თუ როდის აპირებდა ბავშვების გაჩენას.
მამაკაცი ქალს ურჩევს, რომ შევიდეს პროექტის საიტზე, სადაც უამრავი რჩევაა ნათესავებთან საკომუნიკაციოდ, ახლობლებთან რომლებსაც სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული აზრი აქვთ.
კვლევის მიხევდით, პოლონელთა 38%-ს ნათესავებთან საერთო ენის გამონახვა უჭირს, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკა თუ ოჯახური ღირებულებები.
აქვე რამდენიმე რჩევა ოჯახური სირთულეების გადასალახად:
• მიიღეთ თქვენი ოჯახის წევრები. გახსოვდეთ, რომ ისინი განსხვავებულები, მაგრამ მაინც თქვენიანები არიან.
• მოუსმინეთ ყურადღებით.
• არ განკიცხოთ, კითხეთ. ჩაეძიეთ ამა თუ იმ სადაო საკითხზე, თუ რატომ ფიქრობენ ასე.
• გაუზიარეთ თქვენი ფიქრები და გრძნობები.
• ეძებეთ საერთო.
• გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანს ვერ შეცვლით.