პოლონეთში, Opole University of Technology-ში დაიწყო ინოვაციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დეპრესიის მკურნალობის გაუმჯობესებას ვირტუალური რეალობის (VR) გამოყენებით.
კვლევის ფარგლებში 50 პაციენტი, რომელთაც დადასტურებული აქვთ დეპრესია, სამი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად 20 წუთით გამოიყენებენ VR-სათვალეს. სპეციალური პროგრამა მათ „გადაიყვანს“ ბუნებრივ გარემოში – ტყეში ან მინდორზე, სადაც ისმის ფრინველების ხმა, წყლის ჩხრიალი ან წვიმის ხმაური.
ექსპერიმენტის დროს მეცნიერები აკვირდებიან მონაწილეთა სტრესის დონეს – იზომება პულსი და ე.წ. კანის ელექტრული აქტივობა, რაც აჩვენებს, როგორ რეაგირებს ორგანიზმი ემოციურ მდგომარეობაზე. თუ VR-სეანსი დამამშვიდებლად მოქმედებს, ეს ცვლილებები ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებშიც აისახება, ხშირად მანამდე, სანამ თავად პაციენტი ამას გააცნობიერებს.
კვლევაში ასევე მონაწილეობს საკონტროლო ჯგუფი – კიდევ 50 ადამიანი, რომელთა შედეგები შედარებისთვის იქნება გამოყენებული.

მკვლევრების თქმით, დეპრესიის სიმპტომები – ქრონიკული სტრესი, ცუდი განწყობა – სერიოზულად აზიანებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სოციალურ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ იზრდება ინტერესი დამატებითი თერაპიული მეთოდების მიმართ.
პროექტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ VR ტექნოლოგია არ ცვლის ტრადიციულ მკურნალობას, არამედ მისი დამატებაა და მიზნად ისახავს თერაპიის ეფექტურობის გაზრდას.