პოლონეთის ქალაქ პოზნანში ეკო სასაფლაო გაიხსნა. ასეთ სასაფლაოზე საფლავის ქვის დადგმა არ შეიძლება, არც გზებს დააგებენ, არ იქნება მაგიდები. მიცვალებულებს მხოლოდ ეკოლოგიურ ურნებში მოათავსებენ და ამ ურნებს გადამუშავებული ნარჩენებისგან დაამზადებენ. ინფორმაციას ამის შესახებ architekturaibiznes ავრცელებს.
სასაფლაოს ფართობი 180 კვადრატული მეტრია. საფლავებისთვის ცალკეული ადგილები იქ არ იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, დამშვიდობების ცერემონია უფრო არატრადიციული იქნება და გარემოც არ დაბინძურდება.
საფლავის ქვის ნაცვლად გამოიყენებენ ეკოლოგიურ ქვას, რომელზეც სპეციალური შეკვეთით გარდაცვლილის სახელის დატანა იქნება შესაძლებელი. თუკი ახლობლებს სანთლებისა და ყვავილების დატოვება მოუნდებათ, ეს სწორედ ამ ქვებზე უნდა გააკეთონ.
მესაფლავის თქმით, ასეთი მიდგომა ადამიანებს ცხოვრების აზრზე დაფიქრების საშუალებას მისცემს.