პოლონეთში, ქალაქ შჩეცინში საპილოტე რეჟიმში ამუშავდა წყალბადზე მომუშავე ავტობუსი, რომელიც ადგილობრივი წარმოებისაა. მოსახლეობა სიახლეს ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ დატესტავს.
ავტობუსი გარემოს ზიანს არ აყენებს, რამეთუ ატმოსფეროში მხოლოდ წყლის ორთქლს გამოყოფს. გარდა ამისა, ტრანსპორტი აღჭურვილია ფილტრებით, რომელიც ქალაქში ჰაერს დამატებით ასუფთავებს კიდეც. ამასთან, ავტობუსი პრაქტიკულად უხმაუროა.
მისი სვლის მარაგი 450 კილომეტრს შეადგენს, დამუხტვას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება. საშუალოდ მანქანას 100 კილომეტრ გზაზე 8 კილოგრამამდე წყალბადი სჭირდება.
ავტობუსმა უკვე გაიარა ტესტირება პოლონეთის უდიდეს ქალაქებში, მათ შორის ვარშავაში, გდანსკში, ვროცლავში და კონინეში. ამ ტესტებმა პროექტის ავტორებს საშუალება მისცა, რომ არსებული გაუმართაობები გამოესწორებინათ და წარმოების დაწყებისთვის უკეთ მომზადებულიყვნენ. ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბაზარზე გამოსვლა 2024 წლისთვის იგეგმება.