LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche 15 მილიონ დოლარად შეფასებულ სუპერქარს გამოუშვებს

138
ქირიას NEWS შაბლონი (3)

გერმანული ავტომწარმოებელი Porsche განსაკუთრებული, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ავტომობილების მიმართულებას აფართოებს. კომპანიის Sonderwunsch პროგრამის ფარგლებში ამჟამად 15 პროექტზე მუშაობენ, რომელთა ღირებულება თითოეულისთვის დაახლოებით 2 მილიონიდან 15 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

Porsche-ს ინდივიდუალიზაციისა და კლასიკური ავტომობილების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდერ ფაბიგის განცხადებით, პროექტები განსხვავებული მასშტაბისაა. ზოგიერთი მათგანი სერიული მოდელების საფუძვლიანად გადაკეთებას ითვალისწინებს, სხვები კი შესაძლოა სრულიად უნიკალური, ერთ ეგზემპლარად შექმნილი ავტომობილები იყოს. კომპანიის წარმომადგენელს კონკრეტული პროექტების დეტალები არ გაუმჟღავნებია.

Sonderwunsch გერმანულად „განსაკუთრებულ სურვილს“ ნიშნავს. პროგრამა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Porsche-სგან უნიკალური ავტომობილი შეუკვეთონ – ინდივიდუალური დიზაინით, განსაკუთრებული მასალებითა და ტექნიკური ცვლილებებით. ამ გზით კომპანია ცდილობს, თითოეული ავტომობილიდან მიღებული მოგება გაზარდოს და ნაკლებად იყოს დამოკიდებული გაყიდვების საერთო რაოდენობაზე.

Porsche-ს ახალი სტრატეგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც კომპანიას მოგების შემცირება და ჩინეთის ბაზარზე კონკურენციის გამწვავება უწევს. ავტომწარმოებელი უფრო ძვირად ღირებულ, ექსკლუზიურ მოდელებზე აკეთებს აქცენტს და მომხმარებლებს ინდივიდუალიზაციის უფრო ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. კომპანიის შეფასებით, მომავალში სპორტული მოდელების ზოგიერთი ვერსიის ფასი საბაზისო მოდელის ღირებულებას 200%-ზე მეტითაც შეიძლება აღემატებოდეს.

კომპანიისთვის შემოსავლის კიდევ ერთი წყარო კლასიკური ავტომობილების ქარხნული რესტავრაციაა. Porsche Carrera GT-ის აღდგენის პროგრამის ფარგლებში 11 ავტომობილის სამუშაოები უკვე დასრულებულია, კიდევ 16 ავტომობილი აღდგენის პროცესშია, 21 მფლობელი კი მომსახურებას რიგში ელოდება. თითოეული ასეთი პროექტის ღირებულება დაახლოებით 500 000-დან 800 000 დოლარამდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები