ლუქსის კლასის ავტომობილების გერმანულმა მწარმოებელმა ”პორშემ” ჩოგბურთელ მარია შარაპოვასთან თანამშრომლობა განაახლა. როგორც რუსი სპორტსმენი Twitter-ზე წერს, მან ლოს-ანჯელესის სახელგანთქმულ მოტორ შოუზე კომპანიის ცენტრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ამა წლის მარტში ”პორშემ” მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა ღონისძიებებზე ცნობილი ჩოგბურთელის გამოჩენა, ამისი მიზეზი კი სპორტსმენის მიერ დოპინგის გამოყენების თაობაზე გამოძიების მიმდინარეობა გახდა. მაშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ მარია შარაპოვასთან დაკავშირებით გავრცელებულმა სიახლემ ისინი გაანაწყენა და სანამ საქმის ყველა წვრილმანი ცნობილი არ გახდებოდა, ”პორშე” სპორტსმენთან ურთიერთობას წყვეტდა.
”პორშესავით” მოიქცა ”ნაიკიც”. კომპანიაში განაცხადეს, რომ იმედგაცრუებულები და გაოცებულები არიან შარაპოვასთან დაკავშირებული სკანდალით. ”ნაიკს” კი შვეიცარიული საათების მწარმოებელი კომპანია ”TAG Heuer”-ი მიყვა და შარაპოვასთან კონტრაქტი მანაც შეწყვიტა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ American Express, Avon, Evian და Head მარიას ერთგულები დარჩნენ.
შეგახსენებთ, შარაპოვამ აღიარა, რომ ავსტრალიის ღია პირველობისას აღებულ დოპინგ სინჯში აკრძალული ნივთიერება მელდონი აღმოაჩინეს. სპორტსმენი მას ათი წლის განმავლობაში იღებდა, თუმცა 2016 წლის პირველი ოქტომბრიდან მელდონი მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტომ აკრძალულ პრეპარატებს შორის შეიტანა. მარტის თვეში მარია შარაპოვა სპორტს ორი წლით ჩამოაშორეს, შემოდგომაზე კი სასჯელი 15 თვემდე ვადით შემცირდა.